ბიზნესასოციაცია საქართველოს მთავრობას ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ეკონომიკური დეკლარაციის მიღებას სთავაზობს. ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელმა გრიგოლ ჭირაქაძემ განაცხადა, რომ ამ შეთავაზებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე მიმართა.
"ჩვენი შეთავაზება იყო მოხდეს ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ერთობლივი ეკონომიკური დეკლარაციის მიღება, რომლითაც ფუნდამენტურ საკითხებზე მოხდება ამ ორ მხარეს შორის შეთანხმება. ეკონომიკურმა დეკლარაციამ უნდა მოიცვას თამაშის წესები და მნიშვნელოვანი საკითხები. პრემიერმა განაცხადა, რომ მზადაა ეკონომიკურ გუნდთან ერთად ჩვენთან თანამშრომლობისთვის.
პრემიერ-მინისტრის მხრიდან წამოვიდა ინიციატივა, რომ ბიზნესმენები, ბიზნესასოციაციები ჩავერთოთ სამუშაო პროცესში, რომელსაც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური გუნდი ახორციელებს. საუბარია, ეკონომიკურ სტრატეგიაზე. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა არსებობს, რომ ამ პროცესში ჩავერთოთ, ვისაუბროთ იმ თემებზე, რომელიც დღეს არსებობს და ყველაფერს გავაკეთებთმ, რომ მოხდეს ასეთი საკითხების გადაწყვეტა. ასევე მზად ვართ, მოხდეს კომუნიკაციის არხების დახვეწა", - აღნიშნა გიორგი ჭირაქაძემ.