17 იანვარს, 12:00 საათზე, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, საპარტნიორო ფონდთან ერთად, გარდაბნის რაიონში 230 მგვ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობას იწყებს.
მსგავსი მასშტაბის ენერგეტიკული პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხორციელდება, რის გამოც მას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე. ასევე მთავრობის წევრები, პარლამენტარები, თურქეთიდან მოწვეული სტუმრები და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები.
თბოელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2015 წლის ბოლოდან შევა. იგი აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით, მათ შორის „ჯენერალ ელეკტრიკის“ უახლესი ტურბინებით და ადგილობრივ ბაზარს პრობლემების შემთხვევაში დამატებითი, უწყვეტი ელექტროენერგიით მოამარაგებს. თბოელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია იქნება ყველაზე საიმედო რეზერვი, რაც ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებას კიდევ უფრო გაამყარებს.
აღნიშნული სადგური ბუნებრივ აირზე მომუშავე სხვა თბოელექტროსადგურებისგან განსხვავებით თითქმის ორჯერ უფრო ეკონომიური იქნება.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 220 მლნ. აშშ დოლარია. იგი საპარტნიორო ფონდისა და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ ფინანსდება.
სადგურის მშენებლობას უმსხვილესი თურქული კომპანია - ÇALIK ENERJİ ახორციელებს.