აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა „გაკვირვებით“ შეხვდა უნგრეთის სახელმწიფოს მხრიდან ნეიტრალური პასპორტების აღიარებას. ინფორმაციას დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი განცხადებით, უნგრეთის მთავრობის ქმედებები სამხრეთ კავკასიაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების გამო არალოგიკურია.
„თავად საქართველოშიც კი, უმაღლესი ოფიციალური პირებისგან ვლინდება სკეპტიკიური დამოკიდებულება ამ ე.წ. ნეიტრალური პასპორტების მიმართ. ევროკავშირის ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, კერძოდ, „ევროპული სამეზობლო პოლიტიკის“ იმპლემენტაციის პროგრესზე შესახებ გაკეთებულ ანგარიშში დაფიქსირებულია, რომ ნეიტრალური პასპორტებით ორი წლის მოქმედების მანძილზე მცირე რაოდენობის ადამიანები დაინტერესდნენ, რაც ამ პოლიტიკის ჩავარდნის დამადასტურებელია“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც livepress.ge ავრცელებს.
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის თქმით, ბევრი შეღავათის დაპირების მიუხედავად, მათმა მოქალაქეებმა კატეგორიულად უარყვეს ნეიტრალური პასპორტები.
„დღეს საერთაშორისო ურთიერთობებიდან აფხაზეთის მოქალაქეების ჩაკეტვა დროის საწინააღმდეგოდ სირბილია“, - აცხადებს დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)