გარდაბანში საპარტნიორო ფონდისა და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" ახალი ერთობლივი პროექტის, 230 მგვ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობის საზეიმო გახსნა მოეწყო.
სადგურის დადგმული სიმძლავრე 230 მეგავატია, ხოლო პოტენციური გამომუშავება 1,8 კილოვატ საათი. უახლესი ტექნოლოგიის კომბინირებული ციკლის წყალობით, სადგურის ეფექტიანობა 50 კილოვატ საათსა აჭარბებს.
გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური, რომელიც ექსპლუატაციაში 2015 წლის ბოლოდან შევა, აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით, მათ შორის "ჯენერალ ელეკტრიკის" უახლესი ტურბინებით და ადგილობრივ ბაზარს დამატებითი ელექტროენერგიით მოამარაგებს. დამატებით, ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, გარდაბნის სადგური უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს სისტემის ელექტრონერგიით უწყვეტ მომარაგებას.
გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მარგი ქმედების კოეფიციენტი საქართველოში არსებული ბუნებრივ აირზე მომუშავე სხვა თბოელექტროსადგურებისგან განსხვავებით თითქმის ორჯერ უფრო მაღალი და უფრო ეკონომიური იქნება. მსგავსი მასშტაბის ენერგეტიკული პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხორციელდება, რის გამოც მას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. გარდაბნის თბოელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია იქნება ენერგეტიკულ სისტემაში ყველაზე საიმედო რეზერვი, რომელიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას კიდევ უფრო გაამყარებს.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 220 მლნ. აშშ დოლარია. იგი ფინანსდება საპარტნიორო ფონდისა და "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" მიერ, ხოლო სადგურის მშენებლობას უმსხვილესი თურქული კომპანია - ÇALIK ENERJİ ახორციელებს.