„საჩხერის მუნიციპალიტეტისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან პირველ ეტაპზე 2 228 546 ლარი გამოიყო", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
2014 წელს მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ქალაქ საჩხერეში განხორციელდება საავტომობილო და საცალფეხო ხიდს შორის საყრდენი კედლის მშენებლობა, კეთილმოეწყობა მერაბ კოსტავას სახელობის სკვერი, კაპიტალურად შეკეთდება №2 საბავშვო ბაღი. სოფელ სავანეში, სარეკსა და ბაჯითში დაიწყება სასმელი წყლის სისტემების მშენებლობა; სოფელ ბაჯითშივე საავტომობილო გზაზე მოეწყობა ასფალტო-ბეტონის საფარი. განსახორციელებელ პროექტებს შორის დაგეგმილია გარე განათების მოწყობა ცენტრალური საავადმყოფოდან სასტუმრომდე.
მთავრობის მიერ მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხით წელს 7 პროექტი დაფინანსდა.
შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.