საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ქართველი მევიოლინის ლიზა ბათიაშვილის ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ არ შეეძელო შთაბეჭდილება საზოგადოებისთვის არ გაეზიარებინა.
„ცოტა ხნის წინ, დღეს ალბათ ყველაზე სახელგანთქმულმა დირიჟორმა დენიელ ბარენბოიმმა მითხრა - ქართველებმა უნდა იამაყოთ, ვინაიდან დღესდღეობით მსოფლიოს პირველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილია.
ლიზა რამდენიმე დღის განმავლობაში დიდი წარმატებით გამოდიოდა ამერიკის მთავარ მუსიკალურ დარბაზში ლინკოლნ ცენტრში. ათობით ათასი მაყურებელი ბოლომდე გადაჭედილ დარბაზში, ფეხზე დგომითა და მხურვალე ოვაციებით ხვდებოდა მას. „New York Times"-მა აღფრთოვანებული სტატია მიუძღვნა მას.
მე ბოლო კონცერტზე მივედი და მიუხედავად იმისა, რომ გადაღება „ლინკოლნ ცენტრში" მკაცრად აკრძალულია, წესების დარღვევით, ჩემი მობილურით, ჩუმად მაინც გადავიღე ლიზას ტრიუმფის პატარა მონაკვეთი.
მაგარი გრძნობაა, როდესაც თანამემამულე ასეა დაფასებული. თან, ვიდაიდან ლიზა სულ ხაზს უსვამს და ამაყობს თავისი ქართველობით, მისი წარმატება ძალიან ეხმარება მის ქვეყანასაც, რაც საბოლოო ჯამში ჩვენთვის უმთავრესი უნდა იყოს. არ შემეძლო ეს შთაბეჭდილება თქვენთვის არ გამეზიარებინა", - წერს ყოფილი პრეზიდენტი.
ლიზა ბათიაშვილი ახალგაზრდა მევიოლინე და მუსიკოსია. ბავშვობიდან უკრავს და დღეს, მსოფლიოს მუსიკალურ წრეებში, აღიარებულია როგორც ვირტუოზი მევიოლინე. 2004 წლიდან ლიზა ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრის სოლისტად არის მიწვეული, პარალელურად ის მსოფლიოს საუკეთესო ორკესტრებთან თანამშრომლობს.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)