სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს თეთრი ლომის ბოკვერი, რომელიც თბილისის ზოოპარკის თანამშრომლის დახმარებით, დედისგან დამოუკიდებლად იზრდება. მის ფოტოებს და ვიდეოებს უამრავი მნახველი ჰყავს.
პატარას, ყოველი ჭამის შემდეგ მუცლის მასაჟი სჭირდება, იმისთვის რომ კარგად მოინელოს საკვები და ნორმალურად წარიმართოს ფიზიოლოგიური პროცესები. ბუნებაში, დედა ლომი, ჭამის შემდეგ მუცელზე ლოკავს ბოკვერს და ასე ეხმარება მონელებაში. თეთრი ლომის ბოკვერი რა თქმა უნდა აპროტესტებს ამ პროცესს და სასაცილო ხმებს გამოსცემს.
თბილისი ზოოპარკში „დიდი ლომიანობაა". ამჟამად ზოოპარკში 11 ლომი ბინადრობს. 4 მოზრდილი ლომია, ხოლო დანარჩენები მათი შთამომავლები არიან. სწორედ ამიტომ, ზოოპარკის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ლომები უფრო დიდ, კეთილმოწყობილ და ლამაზ ვოლიერში გადაეყვანა, სადაც ცხოველები ძალიან კარგად იგრძნობენ თავს, ხოლო დამთვალიერებლები უკეთ დაათვალიერებენ მათ.
თბილისის ზოოპარკში ძალიან იშვიათი ცხოველის, თეთრი ლომის ბოკვერები 2013 წლის დეკემბრის დასაწყიშში გაჩნდნენ. ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაიბადა 4 ბოკვერი და ოთხივე კარგად გრძნობს თავს.
„პატარები ცალკე გამოვიყვანეთ, რადგან მათი დედა კლეოპატრა, გამოუცდელობის გამო ბოკვერების მოვლას თავს ვერ ართმევდა, ამას ზამთრის სიცივეებიც დაემატა, რომელიც პატარებისთვის ძალიან საშიშია. ბოკვერები მათთვის სპეციალურად მოწყობილ თბილ ოთახში ბინადრობენ და ჩვენი თანამშრომლების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან. ძალიან გახარებულები ვართ, ზოოპარკის სახელით ყველას გილოცავთ საქართველოში თეთრი ლომების დაბადებას და იმედი გვაქვს, ოთხივე ჯანმრთელი გაიზრდება",- აცხადებდნენ ზოოპარკში.
რაც შეეხება ზოგადად თეთრ ლომს, ძალიან იშვიათი ცხოველია და ბუნებაში ძირითადად კრიუგერის ნაციონალურ პარკსა და ტიმბავიტის დაცულ ტერიტორიებზე ბინადრობს, თუმცა დღეს ბუნებაში საერთოდ გამქრალია. როგორც ზოოპარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, თეთრი ლომი მსოფლიოს 70-მდე ზოოპარკში თუ ბინადრობს და საქართველოში მათი გამრავლება მათი გადარჩენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)