ექპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე საქართველოს ეკონომიკური განვითარების შესახებ საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებებს პასუხობს. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა ობიექტურად ისაუბრა, ხოლო ბიზნესის განვითარების მხრივ ქვეყანაში დადებითი ტენდენციები შეინიშნება.
„ეკონომიკური განვითარების სააგენტოს შექმნაზე საუბრისას პრემიერმა სწორი აქცენტები გააკეთა. ალბათ მალე უფრო მეტი კონკრეტიკა იქნება. მიუხედავდ იმისა, რომ ეკონომიკასთან მიმართებაში მან ზოგად ხაზებში ისუბრა, რაც თქვა, ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის იმაზე მთავარი არაფერია, ვიდრე ეკონომიკის ფეხზე დაყენება და დასაქმების უზრუნველყოფა, სხვა ყველაფერს მოევლება. მთავრობა იწყებს რაღაც რეკომენდაციების გათვალისწინებას, სწორი მიმართულებით სვლას და წარმატება ვუსურვოთ.
თუ წინა ხელისუფლების პოლიტიკა გაგრძელდებოდა, ორ წელიწადში სრულ ჩიხამდე მივიდოდით, საიდანაც გამოსავალი გაცილებით რთული მოსაძებნი იქნებოდა. ახლა გადარჩენის შანსი კიდევ არსებობს. იმედის მომცემი წინადადებები არის, მთავარია, ეს ყველაფერი როგორ გაკეთდება. ამაზე ჩვენ უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ და კარგია, რომ ამ მიმართულებით მთავრობა ნაბიჯს უკვე დგამს", - აცხადებს გიორხელიძე სააგენტო „საზოგადოება.გე"-სთან და „ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს ეხმიანება, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის დაღმასვლაზე საუბრობენ.
„რა თქმა უნდა, სპეკულაციაა, როგორ განიცდის დაღმასვლას, როდესაც ქვეყნის ეკონომიკა 2013 წლის განმავლობაში 2%-ით გაიზარდა, ეს ხომ ფაქტია, ოფიციალური სტატისტიკაა. დაღმა სვლა ნიშნავს, ეკონომიკის მინუსებში წასვლას. გასაგები მიზეზების გამო ზრდის ტემპია დაბალი. თავისთავად ცხადია, დაღმა სვლა არ არის, არის დაბალი ზრდის ტემპი, ამიტომ ვერ შეედავებით პრემიერს", - აღნიშნავს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)