საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში 4 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი დასრულდა. საკონკურსო კომისია მთელი დღის მანძილზე განიხილავდა კანდიდატებს საბოლოოდ კი სამი ახალი თანამშრომელი შეარჩია.
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს შორენა ღლონტი უხელმძღვანელებს. მთავარი რეჟისორი იმედა თავდგირიძე იქნება, გენერალური პროდიუსერის ვაკანსია არ შეივსო, პროგრამების სამსახურის ხელმძღვანელი კი ინგა გოგოლიშვილი გახდა.
„შორენა ღლონტმა საინფორმაციო სამსახურის უფროსის ვაკანსიაზე მიიღო სამი ხმა, წინააღმდეგი იყო ქალბატონი თინათინ დვალიშვილი, რომელმაც მისცა ხმა ვახტანგ ხუზმიაშვილს. შესაბამისად, შორენა ღლონტი გახდა საინფორმაციოს ხელმძღვანელი. მას დაუწესდება ერთთვიანი გამოსაცდელი ვადა. ერთთვიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნება იმედა თავდგირიძეც მთავარი რეჟისორის თანამდებობაზე. გენერალური პროდიუსერის ვაკანსიაზე ერთი კანდიდატი იყო დარჩენილი, რომელმაც ვერ გაიმარჯვა და თანამდებობა ისევ ვაკანტურია“, - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის იურისტმა მალხაზ ბოლქვაძემ.