,,უფლებადამცველთა გაერთიანების'' თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს დაავალოს მთავრობას შეცვალოს ის უსამართლო და გაუგებარი პოლიტიკა, რომელიც ერთ წელზე მეტია კომპანია "ბარამბოს", "ზედაზენის" და "მიქსორის" მიმართ ხორციელდება.
როგორც „რეპორტიორს" აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციიდან აცნობეს, რამდენიმე დღის წინ პრემიერ მინისტრისა და ბიზნესმენების შეხვედრაზე სწორედ "ბარამბოს", "ზედაზენის" და "მიქსორის" წარმომადგენლები არ იყვნენ მიწვეულნი.
,,გაუგებარია მთავრობის მხრიდან იმ კომპანიების იგნორირება, რომელთაც საქართველოს ბიუჯეტში საკმაოდ სოლიდური თანხები შეაქვთ და ათასობით ადამიანი ყავთ დასაქმებული. ხელისუფლების მხრიდან უკვე წელიწადზე მეტია მიდის გამოძიება ცეზარ ჩოჩელისა და მასთან დაკავშირებული კომპანიების წინააღმდეგ, დაყადაღებულია ცეზარ ჩოჩელის ოჯახის წევრების სახელზე რიცხული საწარმოების წილები და უძრავი ქონება. ყადაღა დაედო ჩოჩელის გამგებლობაში არსებულ კომპანიების - შპს "მიქსორის", შპს "ბარამბოს", შპს "ბერტას", შპს "რკინაბეტონის შპალის ქარხნის"ანგარიშებს, 70%-იან წილს ლუდსახარშ "ზედაზენში", ასევე ზემოაღნიშნული საწარმოების საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, რის გამოც საწარმოებიდან 1000-ზე მეტი ადამიანია დათხოვილი. ამჟამად დანარჩენი კომპანიების დახურვის საკითხიც დგას. 4000 ადამიანზე მეტი სამსახურს მიღმა დარჩენას ელოდება, მათ შორის "ზედაზენიდან". "უფლებადამცველთა გაერთიანებამ'' ამ რამდენიმე ხნის წინ, მედიას წარუდგინა შემაჯამებელი ანგარიში იმ კომპანიების შესახებ რომელთა წინააღმდეგ დღესაც მიმდინარეობს გამოძიება და დააადგინა, რომ ის ბრალდებები, რომელიც წაყენებული აქვს ცეზარ ჩოჩელს ამ კომპანიების თაობაზე უსაფუძვლოა."-აცხადებს „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე.