ხვალ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ვაჟა ფშაველას ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ენებზე თარგმნილი და გამოცემული სამი პოემის პრეზენტაცია გაიმართება.
შეხვედრას კულტურის მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
ასევე საზღვარგარეთ გამოცემული ქართული მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურის პრეზენტაციაც შედგება.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ის წიგნები, რომლებიც „წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის" მხარდაჭერით სხვადასხვა ქვეყანაში გამოიცა.
წარმოდგენილი იქნება: ოთარ ჭილაძის „აველუმი", დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა", აკა მორჩილაძის „ძველი გულებისა და ხმლისა"და „გასეირნება ყარაბაღში", ზაზა ბურჭულაძის „გასაბერი ანგელოზი" და „ ადიბასი", ქართული მოთხრობის ანთოლოგია, ჰაინალკა ბაბირაკის „კავკასიური საქართველო", ანა კორძაია სამადაშვილის „მე მარგარიტა", ლაშა ბუღაძის „ლიტერატურული ექსპრესი", ჯემალ ქარჩხაძის „ანტონი და დავითი"და ზურაბ ქურუმიძის „Dagny".
„წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამა" 2014 წელს ორჯერ მეტი წიგნის თარგმნას გეგმავს. ეს ფაქტი ხელს შეუწყობს ქართული წიგნისა და ლიტერატურის პოპულარიზაციას როგორც უცხოელ მკითხველში, ასევე მსოფლიო წიგნის ბაზრობებზე.