კიევში დემონსტრანტებსა და სპეცრაზმს შორის შეტაკებები დაიწყო. „დინამოს" სტადიონთან, მისნიტრთა კაბინეტისა და რადას მახლობლად აქციას მილიცია და ბერკუტი არბევს. ძალოვნები აქციას ხელკეტებისა და გაზის გამოყენებით შლიან. ისმის აფეთქებების ხმა, იწვის ძალოვანების ავტობუსი. სპეცრაზმის კორდონის გარღვევას 10 000 ადამიანი ცდილობს.
გავრცელბული ინფორმაციით, უკრაინის შინაგან საქმეთა სამისნიტროში არ გამორიცხავენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მილიციის თანამშრომლების სიცოცხლეს რეალური საფრთხე დაემუქრება, მომიტინგეების წინააღმდეგ იარაღს გამოიყენებენ.
დემონსტრანტებმა მილიციის ორი ავტობუსი გადააყირავეს და დაწვეს. მათ დამშვიდებას ოპოზიციის ლიდერი ვიტალი კლიჩკო ცდილობს.
„როდესაც თქვენ ხელში ჯოხებს და ჯაჭვებს იღებთ, შეიძლება პროვოკატორები გახდეთ. აქ ბევრი ბავშვი და ქალია. იარაღის, ხელკეტის და ქვების გამოყენება პროვოკაციაა,"-მიმართა დემონსტრანტებს პარტია „უდარის" ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ.
წინასწარი ინფორმაციით, მილიციის ავტობუსების გადაყირავებისას რამდენიმე ჟურნალისტი დაშავდა, რომლებსაც სავარაუდოდ, სხვადასხვა მოტეხილობები აქვთ.
ოპოზიციის განცხადებით, პროვოკაციას ყვითელ ფორმაში გადაცმული იანუკოვიჩის პროვოკატორები აწყობდნენ.
დაპირისპირება ვალერი ლობანოვსკის სახელობის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტებმა უკრაინის უმაღლესი რადისა და მინისტრთა კაბინეტის შენობაში შეჭრა სცადეს.
ოპოზიცია აცხადებს, რომ არ დაემორჩილება იმ კანონებს, რომელიც ზღუდავს დემონსტრაციებსა და აქციებს უკრაინაში.