უკრაინის შს სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ არცერთი კანონდამრღვევი, რომელიც გრუშევსკის ქუჩაზე მომხდარ შეტაკებაში მონაწილეობდა დაუსჯელი არ დარჩება.
განცხადების თანახმად, კიევში დემონსტრანტებსა და მილიციას შორის დღეს საღამოს მომხდარი შეტაკების ამსახველი ვიდეომასალა უახლოეს მომავალში იქნება შესწავლილი.
„ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო მოქმედება ასახულია ვიდეოკამერების მეშვეობით და მათი შესწავლის შემდეგ შესაბამისი ღონისძიებები გატარდება",- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
მილიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები კიევში დღეს საღამოს, მას შემდეგ დაიწყო, რაც მორიგი სახალხო კრების დასრულების შემდეგ, დემონსტრანტებმა უმაღლესი რადას მისასვლელების ბლოკირებას შეეცადნენ.
ადგილობრივი მედია წერს, რომ მილიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ცნობისთვის, დღეს კიევში მერვე სახალხო კრება გაიმართა, რომელზეც, 16 იანვარს, უმაღლესი რადას მიერ მიღებულ კანონპროექტს ბოიკოტი გამოუცხადეს და „სახალხო რადას" შექმნა გადაწყდა.