ორმა ცნობილმა გამოცემამ შეადგინა იმ ქვეყნებისა და მიმართულებების სია, რომელთა ნახვაც ღირს 2014 წელს. The New York Times-მა 52 ასეთი ადგილი განსაზღვრა, ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ტურისტულმა პორტალმა Rough guides-მა კი კიდევ 10 ქვეყანა შეარჩია.
თუმცა მოგზაურებისთვის ერთწლიანი პროგრამა, ტრადიციულად, პოპულარულმა პორტალმა Lonely Planet-მა, ჯერ კიდევ გასულ წელს გამოაქვეყნა, სადაც, გამოცემის აზრით, პლანეტის 10 ყველაზე მიმზიდველი ადგილია წარმოდგენილი.
Forbes-მა ამ სამი გავლენიანი რეიტინგიდან ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო მიმართულებები შეარჩია.
ეთიოპია
ეთიოპია გახდა ნომერ პირველი ქვეყანა, სადაც Rough guides-ი გვირჩევს გამგზავრებას. მიუხედავად ტურისტების საყვარელი წითელი ზღვის სიახლოვეს მდებარეობისა, ეს ქვეყანა მოგზაურთა შორის არცთუ პოპულარულია. მაგრამ, როგორც ჩანს, სიტუაცია მალე შეიცვლება, ეთიოპიას ხომ ტურისტების გაოცება ბევრი რამით შეუძლია.
გარდა იმისა, რომ არქეოლოგები ამ ქვეყანას მეცნიერებისთვის ცნობილ, homo sapiens-ის ყველაზე ძველ ადგილად მოიხსენიებენ, ეთიოპიაში აფრიკის მასშტაბით „იუნესკოს" მსოფლიო მემკვიდრეობის ყველაზე ბევრი ობიექტი მდებარეობს. მაგალითად, სიმენის მთის ნაციონალური პარკი უნიკალური უდაბნოებითა და სავანებით, ძველი ქალაქები აქსუმი და ხარარი, ასევე მეცამეტე საუკუნის უნიკალური, მიწისქვეშა ეკლესია ქალაქ ლალიბელაში. თუმცა ეს ყველაფერი როდია: ეთიოპია ყავის სამშობლოდ ითვლება და მსოფლიოში უძველესი ყავის პლანტაციები აქვს.
ბრაზილია
Lonely Planet-ი პირველ პოზიციაზე ბრაზილიას მოიხსენიებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ბრაზილია წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. ამ სახელმწიფოს მხოლოდ ფეხბურთის გულშემატკივრების გაოცება როდი შეუძლია: მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ქვეყანა იმდენად მრავალფეროვანია, რომ იქ მოგზაურობა წლობით შეიძლება - იქაა ძველი კოლონიალური დასახლებები, როგორიცაა მაგალითად ორუ პრეტუ, არქიპელაგები და კუნძულები, და რა თქმა უნდა, მდინარე ამაზონის უსასრულო ჯუნგლები. ამასთან, ბრაზილია წარმოუდგენელია ცნობილი კარნავალების გარეშე. წელს ყველაზე დიდი კარნავალი ქვეყნის დედაქალაქში, რიო-დე-ჟანეიროში, 28 თებერვლიდან 4 მარტამდე პერიოდში ჩატარდება.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
The New York Times-ი კი 2014 წელს, პირველ რიგში, სამხრეთ აფრიკაში მოგზაურობას გვირჩევს. კერძოდ, კეიპტაუნში - ქალაქში, რომელიც ცნობილი რევოლუციონერისა და აპარტეიდთან მებრძოლი ნელსონ მანდელას სახელს უკავშირდება. კეიპტაუნის სიახლოვეს, კუნძულ რობენზე, მანდელა ციხეში გატარებული 27 წლიდან 18 წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს. ციხე, ისევე როგორც მანდელას პატარა საკანი, დღემდე შემორჩა და მუზეუმადაა ქცეული.
The New York Times-ი პროგნოზირებს, რომ 2013 წლის ბოლოდან, როდესაც მანდელა გარდაიცვალა, ამ ადგილს ტურისტების „შემოტევა" ელოდება.
ტურიზმის სპეციალისტები სამხრეთ აფრიკაში ყოფნისას ასევე გვირჩევენ ფეხით გასეირნებას აფრიკის უკიდურეს სამხრეთში - კეთილი იმედის კონცხზე, სადაც უამრავი დაუსახლებელი პლაჟი მდებარეობს. აქ ტურისტები შეხვდებიან იშვიათი ფრინველების 200-ზე მეტ სახეობას. ადგილობრივი ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში ერთ-ერთ უნიკალურად ითვლება და ის 36 ჰექტარზეა გადაჭიმული, გააჩნია უნიკალური ფლორა.
მადაგასკარი
Rough guides-ის რეიტინგში მეორე ადგილზეა მადაგასკარი. მიუხედავად იმისა, რომ ის იმავე სახელწოდების მულტფილმის გამოსვლის შემდეგ გახდა ცნობილი, ცოტამ თუ იცის რეალური ინფორმაცია მადაგასკარის შესახებ. ქვეყანას უკავია კუნძული ინდოეთის ოკეანეში აფრიკასთან და უნიკალური ფაუნითაა ცნობილი. თითქმის ვერცერთ მცენარესა და ცხოველს, რომლებიც მადაგასკარზე ბინადრობს, პლანეტის სხვა წერტილში ვერ ნახავთ.
მაგალითად, მთელ დედამიწაზე მხოლოდ აქ ნახავთ ლემურებს, ბაობაბის გიგანტურ ხეებს, რომლებიც სიმაღლეში 18 მეტრს აღწევენ, და ბუნების სხვა უამრავ უჩვეულო მოვლენას.
ანტარქტიდა
Lonely Planet-მა ყველანაირ უცნაურობას გადააბიჯა, როდესაც საკუთარი რეიტინგის მეორე ადგილზე ტურისტული სამყაროსთვის ყველაზე უჩვეულო ადგილი, ანტარქტიდა განათავსა. ანტარქტიდის სილამაზე გააოცებს მათ, ვინც ბავშვობაში პოლუსზე მოგზაურობაზე ოცნებობდა და ვისაც ზამთარი უყვარს.
როგორც აღმოჩნდა, ანტარქტიდაში, ყინულის უზარმაზარი ლოდების გარდა, მარადიული თოვლით დაფარული, მთის მწვერვალები და არარეალური ლურჯი ფერის ტბებია. ტურისტებს აქ იმპერატორი პინგვინების ხილვაც შეუძლიათ.
კლიმატის გლობალური ცვლილებების გამო ანტარქტიდაც სწრაფად იცვლება. მეცნიერები ამბობენ, რომ ყინულები დნება და ტუნდრა ჩნდება. ვარაუდობენ, რომ უახლოესი 100 წლის განმავლობაში აქ პირველი ხეებიც კი გაჩნდება. ასე რომ, ანტარქტიდაში წასვლა ნამდვილად ღირს, რათა გაქრობის პირას მყოფი სილამაზეები აღბეჭდოთ.
ახალი ზელანდია, ქალაქი კრისტიანჩერჩი
Lonely Planet-სარც The New York Times-ი ჩამორჩა, როდესაც საკუთარი რეიტინგის მეორე ადგილზე ახალი ზელანდიის ქალაქი კრისტიანჩერჩი განათავსა. ესაა ქალაქი, რომელიც სამი წლის წინ მიწისძვრამ თითქმის მთლიანად გაანადგურა.
ახლა ქალაქში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, რაც თავის თავად ღირსშესანიშნაობად ითვლება.
ადგილობრივი მოსახლეობა და მსოფლიო აქტივისტები საკითხს კრეატიულად უყურებენ: განადგურებული მიკრორაიონების ადგილზე აშენებენ ბაღებს, უდაბნოებს კი, სადაც ოდესღაც სახლები იდგა, გოლფის მოედნებად აქცევენ.
თუმცა შეგიძლიათ მხოლოდ ამ ქალაქით არ შემოიფარგლოთ: მთელი ზელანდია არის იდეალური ადგილი ველოსიპედით მოგზაურობის მოყვარულთათვის. აქ ნახავთ ვულკანებს, კარსტულ მღვიმეებს, ტყეებს, პლაჟებსა და თერმულ წყაროებს.