უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევის "დინამოსთან" შეტაკებების შედეგად 20-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. მათ ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, მოტეხილობები და სხვადასხვა საგნებით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ.
დაშავებული სამართალდამცავები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათგან ოთხი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. არსებული ინფორმაციით, მომიტინგეები პოლიციის მისამართით ე.წ მოლოტოვის კოქტეილებს ისვრიან. რამდენიმე წუთის წინ კი დემონსტრანტებმა სამართალდამცავების კიდევ ერთი ავტობუსის დაწვა სცადეს.
შეტაკებები კიევის ცენტრში ამ დრომდე გრძელდება. მედიის ცნობით, თავდასხმის ობიექტი ოპოზიციის ლიდერი ვიტალი კლიჩკოც გახდა, რომელიც მომიტინგეებისა და სამართალდამცავების გაშველებას ცდილობდა. მას სახეში ცეცხლსაქრობი შეასხეს. რადიკალურად განწყობილი მომიტინგეების ნაწილი ავტობუსის გადაბრუნების ინიციატივით გამოდის, რადგან მიიჩნევს, რომ ამით პოლიციის კორდონის გარღვევა მოხერხდება. გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხანში პოლიციამ შესაძლოა შტურმი დაიწყოს. აღნიშნული ცნობები მომიტინგეების გაღიზიანებას იწვევს, რის გამოც შეტაკებები გრძელდება.