დღეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია ჯიფონის საბავშვო ფილმების ფესტივალის დამფუძნებელსა და დირექტორს კლაუდიო გუბიტოსს შეხვდა. როგორც „რეპორტიორს“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს რუსთაველის თეატრის სამეჯლისო დარბაზში დაგეგმილია კლაუდიო გუბიტოსის შეხვედრა სტუდენტებსა და მოსწავლებთან, სადაც გაიმართება პრეზენტაცია - „რა არის ჯიფონი“. ხოლო, 21 იანვარს, 14 საათზე დაგეგმილია ვიზიტი „პიონერ ფილმში“, 17: 30 კი შეხვედრა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ ლევან ყიფიანთან, ფესტივალის დირექტორი ასევე შეხვდება განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს.
ჯიფონის საბავშვო ფილმების ფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი იტალიიდან თბილისს სამუშაო ვიზიტით 19 იანვარს, ეროვნული კინოცენტრის მოწვევით ჩამოვიდა.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ჯიფონის ფესტივალთან 2013 წლიდან თანამშრომლობს. კინოცენტრის მხარდაჭერით და დაფინანსებით, შარშან ჯიფონის საერთაშორისო კინოფესტივალს პირველად ეწვია 3 ქართველი მოსწავლე - ჟიურის წევრების რანგში.
ჯიფონის საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალი 40 წელიწადზე მეტია არსებობს და დიდი წარმატებით სარგებლობს მთელს მსოფლიოში. მისი უნიკალურობა იმაშია, რომ ფესტივალის ჟიურის წევრები მხოლოდ ბავშვები და მოზარდები არიან. ყოველწლიურად 3000-ზე მეტი ბავშვი უყურებს ფილმებს, მსჯელობს, განიხილავს და ავლენს საუკეთესოებს. ეს პროცესი კი ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზე დადებით გავლენას ახდენს, ისინი გარდა იმისა რომ კინოხელოვნებას და განსხვავებულ კულტურას ეზიარებიან, ეჩვევიან პრობლემებზე საუბარს, ასევე ურთიერთობას სხვადასხვა ეროვნების თანატოლებთან.