საქართველოს კულტურის სამინისტროს ცნობით, 2011 წლიდან საქართველოს მხრიდან ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები სტუმარი ქვეყნის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით. 2013 წელს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორი იურგენ ბოსი და ვიცე – პრეზიდენტი ტობიას ვოსი, რომლებმაც მოლაპარაკებები გამართეს როგორც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ გურამ ოდიშარიასთან, ასევე ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან და სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებთან. 2013 წლის ნოემბერში სამინისტრომ მიიღო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საბოლოო პასუხი 2018 წელს ბაზრობაზე სტუმარი ქვეყნის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ.
ამასთან დაკავშირებით, ა.წ. 27 თებერვალს ბერლინში, საქართველოს საელჩოში, ქართულ და გერმანულ მხარეებს შორის საპატიო სტუმარი ქვეყნის ხელშეკრულებაზე ორმხრივი ხელმოწერის ღონისძიება გაიმართება. 2014 წელს დაგეგმილია 30-მდე ქართული ლიტერატურული ნაწარმოების უცხო ენებზე თარგმნა და საზღვარგარეთ გამოცემა,მათ შორის კლასიკოსი ქართველი ავტორები. სამინისტროში შემოსული განაცხადების რაოდენობა, 2011-2012 წლებთან შედარებით, თითქმის 10-ჯერ მეტია, რაც სამინისტროს მხრიდან თარგმანების დაფინანსების სწორ, თანამიმდევრულ და ჯანსაღ პოლიტიკაზე მიუთითებს. 2014 წლის განმავლობაში ლიტერატურის პროგრამის დაფინანსების მიმართულებით ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდა იგეგმება. იანვრიდან სამინისტრო მუშაობს ახალ პროექტზე, რომელიც უკვე შეთანხმებული აქვს როგორც ქართული საგამომცემლო და სალიტერატურო წრეების წარმომადგენლებთან, ასევე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან. პროექტი გულისხმობს „ქართული ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციის ცენტრის/ფონდის/სსიპ-ის“ დაარსებას. ცენტრი მიზნად ისახავს ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის უფრო მოქნილი და დეცენტრალიზებული სტრუქტურის შექმნას, რომელიც სპეციალური ბორდის მიერ იქნება მართული.