საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში თურქ კოლეგას, აბდულა გიულის შეხვდა.
შეხვედრისას, მხარეებმა საქართველო-თურქეთის ურთიერთობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბრისას, ლიდერებმა აღნიშნეს, რომ თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს. საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებმა ყურადღება იმ მნიშვნელოვან პროექტებზეც გაამახვილეს, რომლებსაც ორი ქვეყანა ერთობლივად ახორციელებს.
„პირველ რიგში მნიშვნელოვანია ის უაღრესად წარმატებული ტრანსნაციონალური პროექტები, რომლებსაც ერთობლივად ვახორციელებთ, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს როლი ამ პროექტების განხორციელებაში რეალურად სცილდება ჩვენს რეგიონს და ფაქტობრივად მთელი ევრაზიული კონტინენტის საკუთრება ხდება. ჩვენ ფაქიზად ვახერხებთ ერთმანეთის ჩართვით, როგორც ძეგლების შეფასებით, ასევე მათი რესტავრაციით მეცნიერების ჩართვას. მე მსურს მადლობა ვუთხრა თურქულ მხარეს იმ ხუთი დელეგაციისთვის, რომელიც აქ იყო გასულ წელს და შეისწავლიდა იშხანს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თურქულ მხარეს იმ ხუთი დელეგაციის სტუმრობისთვის, რომელიც იშხნისა და ოშკის შესასწავლად იმყოფებოდა, ასევე იმ სამუშაოებისთვის, რომელიც მომავალში ამ მიმართულებით განხორციელდება.
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი თურქეთში დღეს დაიწყო. აეროპორტში დახვედრის ცერემონიის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა გვირგვინით შეამკო ათათურქის მემორიალი. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა და გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები.
გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში 21 იანვარს ტაო-კლარჯეთში სტუმრობით დასრულდება.