სოფელი ოიმიაკონი მდებარეობს რუსეთში, კერძოდ კი ციმბირში. ოიმიაკონი ყველაზე ცივი ქალაქია დედამიწაზე.
დასახლებაში მინიმალური ტემპერატურა დაფიქსიებულია -77,8 ცელსიუსი. მაგრამ ეს ყველაფერი არაა. ეს ასევე ერთადერთი ადგილია, სადაც ტემპერატურის ამპლიტუდა 100 ცელსიუსს აღემატება. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ ქალაქის მაქსიმალური ტემპერატურა +34,6 ცელსიუსია. ზაფხული მართალია ხანმოკლეა, მაგრამ ამ დროს იქ ცხოვრება კოშმარია. კოღო და ქინქლა იმ რაოდენობითაა, რა რაოდენობითაც თოვლი ზამთარში. ეს ქალაქი ზღვის დონიდან 2500 მეტრის სიმაღლეზეა, ანუ დაახლოებით 4 მთაწმინდის სიმაღლის.
აქ იშვიათად ხარობს რამე - ადგილობრივი მცხოვრებლები ძირითადად ხორცს მიირთმევენ - ირმებისა და ცხენისას. სოფელში ერთადერთი მაღაზიაა, მოსახლეობის უმრავლესობა კი ირმის მწყემსებად, მონადირეებად და მეთევზეებად მუშაობს. გასათბობად შეშის ღუმლებს იყენებენ. თანამედროვე პირობებს იქ ძნელად შეხვდებით. ერთადერთი ადგილობრივი სკოლა იკეტება მხოლოდ მაშინ, როცა ტემპერატურა მინუს 52 გრადუსზე დაბლა ჩამოდის. ეს სოფელი ორი დღის სავალზეა ქალაქ იაკუტსკიდან - რეგიონის დედაქალაქიდან. გზას ოიმიაკონისკენ "ძვლების გზა" უწოდეს.
რიგითი პრობლემები, რომლებსაც ოიმიაკონელები ყოველდღე ეჩეხებიან, არის ავტოკალმებში მელნის გაყინვა, ელემენტებისა და აკუმულატორების სიმძლავრის დაკარგვა, ასევე ტრანსპორტის პრობლემა: ბევრი ადგილობრივი მცხოვრები მთელი დღე ამუშავებს მანქანას, რადგან ეშინია, ისე გაიყინება, ვეღარასდროს დაქოქავს.
კიდევ ერთი პრობლემა დაკრძალვაა. ასეთ ყინვაში გაყინული მიწის გათხრა ნამდვილი საოცრებაა, ამას შეიძლება სამი დღე დასჭირდეს. მიწას ჯერ ცეცხლით ათბობენ და მომავალი ორმოს ნაპირებზე გახურებულ ნახშირებს ალაგებენ.
რუსეთში ბევრი ტურისტული კომპანია სთავაზობს ეგზოტიკური ტურების მოყვარულ სტუმრებს ამ სოფელში ჩასვლას და იქაური მკაცრი საცხოვრებელი პირობების გამოცდას.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)