ბათუმში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებსაც ბანკებში პრობლემური სესხები აქვთ, მთავრობის სახლის წინ კარვებს გაშლიან. მოქალაქეებმა კარვების გაშლის ნებართვა დღეს ბათუმის მერიისგან გამოითხოვეს. აქციებს პერმანენტული სახე ექნება.
„ჩვენმა ორგანიზატორმა ლილი მორჩაძემ დღეს შეიტანა განცხადება მერიაში და ხვალისთვის ნებართვა გვექნება. გვინდა, რომ ჩვენი პროტესტი გახდეს პერმანენტული და მთავრობამ ყურადღება მოგვაქციოს", - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული ამირან მანჯგალაძე.
იპოთეკით დაზარალებული მოქალაქეების თქმით, კარვების დადგმის აუცილებლობა სოციალური პრობლემების მოუგვარებლობამ განაპირობა.
„გვინდა, რომ აქციამ ფართომასშტაბიანი სახე მიიღოს და მთავრობამ გულთან ახლოს მიიტანოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პრობლემები. კარავი დაიდგმება და ამავდროულად მოხდება ხელმოწერების შეგროვება იმისთვის, რომ მოხდეს იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობის გამოსახლების შეჩერება, შავი სიების გაუქმება. მოვითხოვთ, დაზარალებულ მოქალაქეებზე მთავრობამ გასცეს დაბალპროცენტიანი გრძელვადიანი სესხები", - აცხადებს „ბათუმელებთან" საუბარში ერთ-ერთი დაზარალებული.
საპროტესტო აქციები სამი საათიდან დაიწყება და საღამოს 6 საათამდე გაგრძელდება. აქციები ყოველდღიურად გაიმართება. მოქალაქეების განცხადებით, ბათუმში ამ დროისთვის, იპოთეკით დაზარალებული 61 ოჯახი ცხოვრობს.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)