2013 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა მინუს 0,8 პროცენტი შეადგინა.
ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების დოკუმენტის თანახმად, რომელიც "საქსტატმა" დღეს გამოაქვეყნა, 2013 წლის მეორე კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 1,3 პროცენტი, ხოლო 2013 წლის პირველი ექვსი თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 1,8 პროცენტი შეადგინა.
"საქსტატი" ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს 2012 წლის იანვრიდან ყოველთვიურად აწარმოებს. როგორც სტატისტიკის სამსახურში განმარტავენ, მონაცემი უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე იანგარიშება. "აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან", - განმარტავენ "საქსტატში".
გარდა ამისა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს.