reportiori.ge - თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 03:45
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
31 ივლისი, 2013. 15:45

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაფიცი მსაჯულების პირობებში განხილული სისხლის სამართლის საქმის დასრულებასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა.

თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა ზოგიერთ წარდგენილ ბრალდებაზე მიიღო გამამართლებელი, ხოლო ზოგიერთზე - გამამტყუნებელი ვერდიქტი.

კერძოდ, მათ გამამართლებელი ვერდიქტი მიიღეს ბრალდებულ ვაჟა ახალკაციშვილის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-მუხლის მეორე ნაწილით. აგრეთვე, 2012 წლის 25 დეკემბერს, დამთავრებულ განზრახ მკვლელობაში ციალა ნ-სთან მიმართებაში - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-მუხლით და 2012 წლის 25 დეკემბერს, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ჩადენილ დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის მიმართ - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-მუხლის მესამე ნაწილის ,,ა"" ქვეპუნქტით,

ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებული ვაჟა ახალკაციშვილი დამნაშავედ სცნეს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-მუხლის პირველი ნაწილით.

დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ნაფიცმა მსაჯულებმა ასევე კენჭი უყარეს და ბრალდებული, ვაჟა ახალკაციშვილი, დამნაშავედ მიიჩნიეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის - განზრახ მკვლელობაში, ჩადენილი უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, ჩადენაში.

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვაჟა ახალკაციშვილს ბრალად ედებოდა: დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა - ორი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის და 109-მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტის ერთობლიობით, ასევე დამთავრებული განზრახ მკვლელობა - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 108-მუხლით - ციალა ნ.-მიმართ;

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-მუხლის პირველი ნაწილით;

აგრეთვე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-მუხლის მეორე ნაწილით;

საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულ ვაჟა ახალკაციშვილს წლების განმავლობაში ქონებრივი დავა ჰქონდა ელგუჯა ნ.-სა და მის დასთან, ციალა ნ.-სთან. ვაჟა ახალკაციშვილი აცხადებდა, რომ მათ მოტყუებით მიითვისეს მისი კუთვნილი ფულადი თანხა.

ვაჟა ახალკაციშვილის საჩივრის საფუძველზე ელგუჯა ნ.-მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა თაღლითობის ბრალდებით და იგი დააპატიმრეს, ხოლო ვაჟა ახალკაციშვილი ცნობილი იქნა დაზარალებულად. 2012 წლის 25 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდებულ ელგუჯა ნ.-შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეეცვალა გირაოთი და იგი გაათავისუფლეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან. იმავე დღეს, დაახლოებით 16:30 სთ ელგუჯა ნ. ავტომანქანით მივიდა თავის საცხოვრებელ სახლში, მას სხვა პირებთან ერთად ახლდა თავისი და - ციალა ნ., რა დროსაც იქ მყოფმა ვაჟა ახალკაციშვილმა ,,ნაგანის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა რამდენიმე გასროლა, ელგუჯა ნ. შევარდა სახლის ჭიშკარში, ხოლო ციალა ნ. ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ვაჟა ახალკაციშვილი დაკავებული იქნა საპატრულო პოლიციიის თანამშრომლების მიერ.

მოცემულ საქმეზე, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით ჩატარდა 8 სასამართლო სხდომა.

ბრალდებული ნაწილობრივ ცნობდა თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში - იგი ფაქტობრივად აღიარებდა მის მიერ დანაშაულის ჩადენას, მაგრამ არ ეთანხმებოდა წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაციას.

საქმის არსებითი განხილვისას, ღია სასამართლო სხდომაზე, დაიკითხა 22 მოწმე. ასევე, მხარეთა მიერ გამოკვლეული იქნა საქმეში არსებული წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მკვლელობისას გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღი.

მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, ნაფიც მსაჯულებს მონაწილეობა არ მიუღიათ სასჯელის დანიშვნის სხდომაში.

სასამართლომ ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის გათვალისწინებით, ვაჟა ახალკაციშვილს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპით, სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ორი წლის და ექვსი თვის ვადით.

გამამტყუნებელი განაჩენი შესაძლებელია ერთჯერადად, საკასაციო წესით, გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის მეორე ნაწილი)", - აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში. 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016