უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ბერკუტმა“ დემონსტრანტებზე შეტევა ქიმიური ნივთიერების ამოღების მიზნით მიიტანა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
„მილიციამ მიიღო შეტყობინება, რომ აქციის მონაწილეები ძალოვანების წინააღმდეგ უცნობი ქიმიური ნივთიერების გამოყენებას აპირებდნენ, რომელიც სხეულზე დამწვრობას იწვევს. ამის თავიდან ასაცილებლად, შინაგანი ძალების თანამშრომლებმა მომიტინგეები შეავიწროეს და მათგან ამ ნივთიერებით სავსე კანისტრები ამოიღეს“, - ნათქვამია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, უკრაინის შინაგან საქმეთ სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მილიციამ ჟურნალისტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა.
კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე „ბერკუტმა“ ამ დილით მომიტინგეებზე შეტევა მიიტანა, რომლის დროსაც რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა, რომელთაც სასტიკად გაუსწორდნენ და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.