გუშინ ღამით, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში უცხოელ ინვესტორთან სამსაათიანი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. ინვესტორი ძველი ბაზრის აღდგენას არ აპირებს და მოვაჭრეებს ახალ სავაჭრო ობიექტში შეღავათებს სთავაზობს. ინვესტორი გამოთქვამს მზადყოფნას, რომ მოვაჭრეებს თებერვლის განმავლობაში უფასოდ ვაჭრობის საშუალება მისცეს, უფასო იქნება პარკირებაც, შემდეგ თვეებში კი დაწესდება შეღავათიანი ფასები.
თუმცა, ამ შეთავაზებაზე გორის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები უარს აცხადებენ და ძველ ბაზარში დაბრუნებას კატეგორიულად ითხოვენ. მათი თქმით, ახალი სავაჭრო ობიექტი ქალაქის გარეუბანშია და იქ ვაჭრობა, ადგილმდებარეობის გამო, მათთვის მოუხერხებელი იქნება.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც მოლაპარაკებებში არიან ჩართული, აცხადებენ, რომ მთავრობა კერძო ბიზნესში ვერ ჩაერევა და საკითხი მოლაპარაკების გზით უნდა მოგვარდეს.