ცნობილი რუსი მომღერლის ჟანა ფრისკეს სამკურნალოდ, რუსეთის „პირველმა არხმა“ „რუსფონდთან“ ერთად, ერთ დღეში 60 მილიონ რუბლზე მეტი შეაგროვა. მთელი თანხა გადაეცემა მომღერალს, რომლის ოჯახმაც მომღერლის ავადმყოფობა ოფიციალურად დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ მომღერალ ჟანა ფრისკეს სიმსივნე აქვს. ამის შესახებ მის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ფრისკეს მეუღლის, შოუმენ დიმიტრი შეპელოვის განცხადებაშია ნათქვამი. ზუსტად რა დაავადებაზეა საუბარი, პუბლიკაციაში ნათქვამი არაა. მედიის ცნობით, ფრისკეს ტვინის აგრესიული ავთვისებიანი სიმსივნე აქვს.
მომღერალი 15 იანვარს სამკურნალოდ გერმანიაში გადააფრინეს. მომღერალი შერემეტიევოს აეროპორტის სამედიცინო პუნქტში შენიშნეს. ერთ-ერთ რუსულ პორტალს თვითმხილველმა მიაწოდა ვიდეოჩანაწერი, სადაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი მომღერალი საკუთარ თავს არ ჰგავს. ფრისკეს თან ახლდა მისი მეუღლე, დიმიტრი შეპელოვი. მომღერლის გარემოცვის ინფორმაციით, ჟანა ფრისკე გერმანიის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში გადაიყვანეს სამკურნალოდ. აქ მსოფლიოს წამყვანი ექიმი-ონკოლოგები მუშაობენ.
გასული წლის აპრილში რუსული შოუ-ბიზნესის სექს-სიმბოლომ მაიამიში იმშობიარა და ვაჟი გააჩინა, რის შემდეგაც ჟანა საზოგადოების ყურადღების მიღმა აღმოჩნდა. ზაფხულში ვარსკვლავის სცენაზე დაბრუნება იურმალას კონკურსის, „ახალი ტალღის“ ფარგლებში იგეგმებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მომღერალმა სცენაზე გამოსვლა ვერ შეძლო.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)