ფოთის საკრებულოს სხდომა დღეს ხმაურით მიმდინარეობდა. სხდომაზე მერის, დავით სარსანიას გადადგომის შესახებ განცხადება განიხილეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს, ისინი მოითხოვდნენ, რომ სარსანიას მუშაობა გაეგრძელებინა და დაპირებები შეესრულებინა. მიუხედავად “ნაციონალური მოძრაობის” ბოიკოტისა, საკრებულოს უმრავლესობას სარსანიას განცხადების დასაკმაყოფილებლად ხმები ეყო. “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ დავით სარსანიამ გადადგომის შესახებ განცხადება ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ეკა ბესელიას ზეწოლის შედეგად დაწერა, რის გამოც ბესელია დღეს საკრებულოში ფეოდალად მოიხსენიეს. ხელისუფლების მომხრე საკრებულოს წევრებს კი ბესელიას „ჩმორები“ უწოდეს.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის დარეჯან ცხვიტარიას განცხადებით, მათზე ხელისუფლება თვალთვალს და მოსმენას ახორციელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფოთის ყოფილი მერი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ ინიშნება.