ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით, საქართველოში ჯორჯ ბალანჩინის 110 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება. დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დღეს ამერიკის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნინო ანანიაშვილმა ისაუბრეს.
რიჩარდ ნორლანდმა იმ პროგრამების შესახებ გაამახვილა ყურადღება, რომელსაც საელჩო საიუბილეო წლის განმავლობაში განახორციელებს. ელჩის განცხადებით, მათ შორის იქნება ბალანჩინისადმი მიძღვნილი საახალწლო კალენდარი, ბალანჩინის შესახებ ელიზაბეთ კენდელის ახალი წიგნის ქართულად თარგმნისა და გამოცემის მხარდაჭერა, ასევე ქორეოგრაფ ბარტ კუკის საქართველოში ვიზიტის დაფინანსება, რომელიც ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასთან ერთად ბალანჩინის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წარმოდგენას "კონჩერტო ბაროკოს" დადგამს.
ნორლანდმა დღეს ის კალენდარიც წარადგინა, რომელშიც ბალაჩინის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოებია თავმოყრილი.