გაზეთი „ბიზნეს-რეზონანსი" აქვეყნებს სტატიას, რომელიც კრედიტების გაძვირების თემას ეხება. გამოცემა რამდენიმე ექსპერტის დასკვნებს გვთავაზობს, რომელთა ინფორმაციით, წლის განმავლობაში კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზრდება. ექსპერტების პროგნოზით, დაწყებული ინფლაცია კრედიტების გაძვირების წინაპირობაა. 12 თებერვალს ეროვნული ბანკი, სავარაუდოდ, რეფინანსირების განაკვეთს გაზრდის, შესაბამისად, ამ განაკვეთზე მიბმული სესხები კიდევ უფრო გაძვირდება.
2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 5%-იან ინფლაციაზე დაიგეგმა.
„გამომდინარე იქიდან, რომ ლარის ასეთი მერყეობაა, არ არის გამორიცხული, რომ ეს განაკვეთი გაიზარდოს. შესაბამისად, მომხმარებელს სესხები გაუძვირდებათ იმდენი პროცენტით, რამდენი პროცენტითაც რეფინანსირების განაკვეთი გაიზრდება", - ამბობს ექსპერტი გიორგი აბაშიშვილი.
ექსპერტის ლია ელიავას აზრით, კრედიტები გაძვირდება მხოლოდ იმის გამო, რომ ინფლაციის მაჩვენებელი იზრდება და ეს არის ბუნებრივი. რეფინანსირების განაკვეთს კომერციული ბანკები იყენებენ მცურავი საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრისთვის, თუმცა ასეთი სესხების ოდენობა ძალიან ცოტაა.
„საერთოდ, რეფინანსირების განაკვეთის მომატება და დაკლება მსესხებლებისთვის ძალიან დიდი რისკის შემცველია", - ამბობს ელიავა და დასძენს, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება რეფინანსირების განაკვეთი, კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთები, ინფლაციის მაჩვენებლის ზრდასთან ერთად, აუცილებლად გაიზრდება.
ამასთან, მისი თქმით, ბიუჯეტი 5%-იანი ინფლაციის მაჩვენებელზეა გაწერილი. ეროვნული ბანკი შეეცდება ხელი შეუწყოს ინფლაციის ზრდას 5%-მდე მაინც, რათა ბიუჯეტს შემოსავლები არ დააკლდეს. ეს კი ავტომატურად საპროცენტო განაკვეთებზე აისახება და კრედიტების გაძვირების გარდაუვალი პროცესი იქნება.
კიდევ ერთი ექსპერტი ვაჟა კაპანაძე ამბობს, რომ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა კრედიტების გაძვირებაზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს. გარდა ამისა, ქვეყანაში სერიოზული პროცესები არ მიმდინარეობს.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)