უკრაინის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლაი აზაროვის თქმით, გამორიცხული არ არის, რომ უკრაინის რადას მიერ 16 იანვარს მიღებულ კანონებში ცვლილება შევიდეს, მაგრამ ამისთვის ოპოზიციასთან კონსტრუქციული თანამშრომლობაა საჭირო. ინფორმაცია ამის შესახებ "კორესპონდენტ.ნეტ"-მა გაავრცელა.
აზაროვის თქმით, ამ საკითხზე მუშაობისთვის მიწვეული იქნებიან ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის ექსპერტები.
"თქვენ სვამთ საკითხს ევროპული ინტეგრაციის შესახებ - მოდით, დავსხდეთ მოლაპარაკებათა მაგიდასთან და გადავწყვიტოთ, რა მიმართულებით ვიაროთ. ასევე, მოლაპარაკებათა მაგიდასთან განვიხილოთ დემოკრატიული არჩევნების გამართვის გარანტიები, რომელსაც თქვენ აყენებთ და ერთად მოვიფიქროთ, როგორ შევქმნათ შესაბამისი კანონმდებლობა. ასევე, ერთად განვიხილოთ ის კანონპროექტები, რომლებიც მასობრივი არეულობების დროს წესრიგის დამყარებას უკავშირდება", - განაცხადა "როიტერთან" საუბარში აზაროვმა.
შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს მიღებული კანონები მასობრივი არეულობების საფუძველი გახდა. ოპოზიციის მტკიცებით, აღნიშნული კანონები მოქალაქეთა უფლებებს ზღუდავს.