როგორც ასტროლოგები გვამცნობენ, ნებისმიერ ადამიანს, ფსიქოტიპიდან გამომდინარე, გააჩნია სუსტი წერტილები და თემები, რომელზე საუბარიც ნაკლებად სასიამოვნოა მისთვის. ქალებო, გადაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქციები, მაგრამ ბოროტად ნუ გამოიყენებთ მათ.
მამაკაცი ვერძი გარეგნულად ძალიან თავდაჯერებული და შემტევი ჩანს, თუმცა მისი წყობიდან გამოყვანა ძალზე მარტივი საქმეა. არ შეეხოთ მის პროფესიულ თავმოყვარეობას, არ უთხრათ, რომ ვიღაც უშანგი გაცილებით უფრო წარმატებულია მასთან სამსახურში, მაშინ როცა თავად მას გაცილებით მეტი რესურსი გააჩნია საქმის უკეთ გასაკეთებლად. კიდევ ერთი სისუსტე ვერძისთვის თავისუფლების შეზღუდვაა, თუ მას გაუთავებელი პრეტენზიებით გაუბურღავთ ტვინს ან შემოაკვდებით, ან თქვენი ცხოვრებიდან უკვალოდ და სამუდამოდ გაქრება.
მამაკაცი კურო ძალზე მშვიდი, გაწონასწორებული კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს ძირითადად. ზოგჯერ მისი გამომეტყველება ისეთი ინდეფერენტულია, შეიძლება გეგონოთ, რომ ამ კაცს ვერავინ და ვერაფერი გამოიყვანს წყობიდან. მაგრამ ცდებით! კუროს ყველაზე მეტად აჩქარება აცოფებს. თუ მისი მდგომარეობიდან გამოყვანა გსურთ, უთხარით, რომ საშინლად ზოზინა და მოუქნელია. გარდა ამისა, კუროს გაცხარება, მისი საკუთრების ხელყოფასაც შეუძლია. თუ ეს კაცი რაიმეს თავისად თვლის, მას არაფრის დიდებით არ დაუთმობს სხვას.
ტყუპი ბუნებით ცვალებადი და არაპროგნოზირებადი ნიშანია. ამიტომ ამ ხალხს სხვების მწყობრიდან გამოყვანა უფრო ეადვილება. თუმცა, მამაკაც ტყუპსაც გააჩნია სისუსტეები და არცთუ ცოტა. მასზე ყველაზე მეტად მოქმედებს ინფორმაციული ვაკუუმი (შეუზღუდეთ ინტერნეტი ან მობილურთან წვდომა) და პარტნიორი, რომელიც მოსაწყენი და უინტელექტოა. აქედან გამომდინარე, ასეთ მამაკაცს შეიძლება სასჯელად მოუვლინოთ ქალი, რომელიც ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს დოსტოევსკისა და დიკენსს ან ერთი და იგივე ჰგონია ჩრდილოეთ პოლუსი და შვეიცარიის ალპები.
მამაკაცი კირჩხიბი ბუნებით უზომოდ წყენია და ემოციური ტიპაჟია. შესაძლოა ისეთ რამეებზე გაგიბრაზდეთ, რაც თქვენი აზრით სასაცილოდაც არ ღირს. თუმცა, არსებობს უფრო მტკივნეული თემებიც კირჩხიბისთვის. პირველი სუსტი წერტილი მისი ოჯახის, კერძოდ დედის მიმართ თქვენი დამოკიდებულებაა. თუ გსურთ კირჩხიბი გადაიმტეროთ, გააკრიტიკეთ დედამისი. გარდა ამისა, კიბო უყაირათო და მფლანგველ ქალებზეც მტკივნეულად რეაგირებს.
მამაკაცი ლომი მეფური ბუნების, ამბიციური ინდივიდია. თუმცა მისი ერთი შეხედვით უზადო იმიჯისა და თავდაჭერილობის მიღმა, საკმაოდ ბევრი არასრულფასოვნების კომპლექსი იმალება. ამაში მარტივად დარწმუნდებით, თუკი თქვენს თაყვანისმცემელ ლომს "ყოფილების" ღირსებაზე და დადებით თვისებებზე გაუმახვილებთ ყურადღებას. იგი შეურაცხოფილი და ფრიად განაწყენებული დარჩება იმ ფაქტით, რომ მისი მეფური პერსონა, ვიღაც მდაბიოებთან შესადარებლად გაიმეტეს.
ქალწული მამაკაცი ბუნებით მოწესრიგებული, წინდახედული და ხელმომჭირნეა. ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ამ სფინქსის გამომეტყველების მქონე ტიპს წყობიდან ვერაფერი გამოიყვანს, მაგრამ დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ, სუსტი წერტილები ქალწულსაც ბევრი გააჩნია. იგი ყველაზე მეტად არაჰიგიენურ, ფეთხუმ და დაუკვირვებელ ქალებს გამოჰყავს წყობიდან. გარდა ამისა, თუ თქვენ მისი ფულის განიავებასაც მიჰყოფთ ხელს (რა თქმა უნდა, თუკი მის საკრედიტო ბარათამდე წვდომა შეძელით) ქალწულის სახით სამუდამო მტერი გარანტირებული გეყოლებათ.
მამაკაცი სასწორი დიპლომატიის, სიმშვიდისა და გალანტურობის განსახიერებაა. იგი მუდამ იღიმის და ელეგანტურად გამოიყურება. ამიტომ შეიძლება იფიქროთ, რომ მისი წყობიდან გამოყვანა ძალზე ძნელი იქნება, თუმცა ეს ასე არ გახლავთ. სასწორი ვერ იტანს ვულგარულობას, ხმაურს და უგემოვნო ადამიანებს. ამიტომ თუ თქვენ ლექსიკონში "სლენგი" ხშირად გამოერევა, ხელში რაც მოგხვდებათ იმ სამოსით იმოსებით და ხშირად უმართავთ სახლში ხმაურიან თავყრილობებს, იგი თავაზიანად მაგრამ მტკიცედ მიგითითებთ კარისკენ.
აი, თუ ვინმეს წყობიდან გამოსაყვანად მაქსიმალური მონდომება და ნებისყოფის სიმტკიცეა საჭირო, ეს მამაკაცი მორიელია. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამრები საკუთარი ემოციების ფლობის გასაოცარი უნარით არიან დაჯილდოებულნი. აქედან გამომდინარე, მისი სუსტი წერტილის აღმოსაჩენად ძალიან დიდი გამჭრიახობა გესაჭიროებათ. თუმცა, უნაკლო არავინაა ამქვეყნად. შესაბამისად, მორიელსაც გააჩნია აქილევსის ქუსლი – ეს კი მისი თავმოყვარეობაა. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცები ყველაზე მეტად უარყოფილის სტატუსს ვერ ეგუებიან. ამიტომ, თუ თქვენ მორიელთან ურთიერთობა დაიწყეთ და შემდგომ ამისა, აუხსნელი მიზეზებით მოულოდნელად მიატოვეთ, დამიჯერეთ მისი სახით ხანგრძლივ შურისძიებას გამოუწერთ საკუთარ თავს.
მშვილდოსანი მამაკაცი ერთი შეხედვით ოპტიმისტი, მხიარული და ხალისიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა, მისი მწყობრიდან გამოყვანა საკმაოდ მარტივი საქმეა, იქედან გამომდინარე, რომ მშვილდოსანი ცეცხლის სტიქიის ნიშანია და მარტივად "ფეთქდება". თუმცა, განსაკუთრებით მტკივნეული წერტილები მასაც გააჩნია და ეს უპირველესყოვლისა მის ავტორიტეტულობასა და ცოდნაში ეჭვის შეტანისას ვლინდება. მშვილდოსანს ძალიან უყვარს სხვებისთვის ჭკუის სწავლება და თავისებური "გურუს" როლის მორგება სამეგობროში. გარდა ამისა, ეს კაცი განსაკუთრებულად რეაგირებს ტყუილზე და ორმაგ თამაშზე ქალის მხრიდან.
თხის რქა ბუნებით პრაგმატული, წინდახედული და სერიოზული მამრია. თუმცა მის „ჩარკინაბეტონებულ“ იმიჯსაც გააჩნია სუსტი და ადვილად მტვრევადი ადგილები. საქმე იმაშია, რომ მიუხედავად გარეგნული სოლიდურობისა, თხის რქა შინაგანად დეპრესიისკენ მიდრეკილი და პესიმისტი ინდივიდია. ამიტომ თუ თქვენ მას საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანას აიძულებთ, განსაკუთრებით პროფესიული კუთხით, იგი პირქუში და სიტყვაძუნწი გახდება. არანაკლებ აღიზიანებს თხის რქას ექსტრავაგანტურად ჩაცმულ-დახურული ქალები და ზოგადად, მანდილოსნის ვულგარული იმიჯი.
მერწყული ბუნებით ძალზე უკონფლიქტო, ჰუმანური და მეგობრული ნიშანია. აქედან გამომდინარე, მამაკაცი მერწყულის მწყობრიდან გამოყვანა ძნელი, ფაქტობრივად შეუძლებელი საქმეც კია. თუმცა, არსებობს რიგი სიტუაციები, რომელსაც მერწყული უბრალოდ ვერ ეგუება, მათ შორისაა ზედმეტად მომთხოვნი და პრეტენზიული პარტნიორის გვერდით ყოფნა. ეს კაცი ვერ იტანს შეზღუდვებს და ვალდებულებებს. შესაბამისად, თუ თქვენ მას "პირად სივრცეს" შეუზღუდავთ, იგი უბრალოდ აორთქლდება თქვენი ცხოვრებიდან.
მამაკაცი თევზი ლოიალური, რბილი და მეოცნებე ტიპაჟია. ზოგადად თევზები იშვიათად გამოხატავენ აგრესიას და გაბრაზებას აშკარა და პირდაპირი სახით. აქედან გამომდინარე, თუკი მისი მწყობრიდან გამოყვანა მაინც შეძელით, მძაფრ რეაქციებს, დებოშსა და ჭურჭლის მტვრევას ნუ დაელოდებით საპასუხოდ. თევზები განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან მაშინ, როცა ვინმე მათ შინაგან სამყაროს, გატაცებას ან ჰობის იგდებს აბუჩად. ამასთან ერთად, არ უნდა უკიჟინოთ მას, რომ ხელმოცარული და უხერხემლოა. რომც არ იყოს რეალურად ასეთი, შესაძლოა თქვენმა შეძახილმა უბიძგოს დეგრადაციისკენ.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)