„ნაციონალური“ ხელისუფლების დროს ქუჩაში უმოწყალოდ დახვრეტილი პროფესორ გურამ შარაძის მკვლელობის საკითხი დღესაც საზოგადოების მსჯელობის საგანია. გიორგი ბარათელს, რომელიც „ნაციონალურმა“ მართლმსაჯულებამ გურამ შარაძის მკვლელად აღიარა და სასჯელს იხდის, როგორც საყოველთაოდაა ცნობილი, პროფესორის ქალიშვილი რუსუდან შარაძე დამნაშავედ არ აღიარებს და წლების მანძილზე დამოუკიდებლად ეძებს მამის ნამდვილ მკვლელებს.
რუსუდან შარაძე ამჯერად „საერთო გაზეთს“ საკუთარი მოკვლევის სკანდალურ შედეგებს უმხელს. გთავაზობთ შოკისმომგვრელ ექსკლუზიურ ინტერვიუს ქალბატონ რუსუდან შარაძესთან.
– რუსუდან, რა ახალი ინფორმაციები მოიპოვეთ მამის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით?
– ყველას მოგეხსენებათ, რომ გასული წლიდან ვსაუბრობ ყოფილ პოლიციელზე სამეგრელოდან. იგი არის მამაჩემის მკვლელობის საქმეში უმნიშვნელოვანესი მოწმე. მე ახლა დავასახელებ ამ მოწმის ვინაობას. აქვე დაგისახელებთ იმ ორი სპეცრაზმელის გვარებს, ვისაც მამაჩემი უნდა მოეკლა. დავასახელებ იმ პირების ვინაობასაც, ვინც პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობდა გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში და რომლებიც დღეს ძალოვან უწყებებში მაღალ თანამდებობებს იკავებენ. თანამდებობის პირია, აგრეთვე მამაჩემის სავარაუდო მკვლელებიდან ერთ-ერთიც.
– დაუჯერებელ რამეს ამბობთ, ვინ არის ის პოლიციელი?
– მოწმე პოლიციელი გახლავთ ვინმე გურიკა ქადარია.
2013 წლის 21 მაისს, ზუგდიდში, ჟურნალისტმა ნანა ფაჟავამ გურიკა ქადარიას მეგობრისგან შემთხვევით გაიგო გურამ შარაძის მკვლელობის შესახებ უცნობი ინფორმაცია. ჟურნალისტ ნანა ფაჟავასთვის ცნობილი გახდა, ვის მიერ და რა ვითარებაში მოხდა მამაჩემის მკვლელობის ორგანიზება და სავარაუდოდ, შესრულებაც.
ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, 23 მაისს, ნანა ფაჟავა ზუგდიდში გურიკა ქადარიას შეხვდა და უშუალოდ მისგან მოისმინა მამაჩემის მკვლელობის დაგეგმვის სხვა დეტალები.
ნანა ფაჟავა დაჟინებითა და მუდარით სთხოვდა მოწმეს, რომ მომხდარის შესახებ პროკურატურისთვის ეცნობებინა, რაზეც ქადარია ორი დღის შემდეგ დასთანხმდა. 2013 წლის 27 მაისს ნანა ფაჟავამ უზრუნველჰყო გურიკა ქადარიას შეხვედრა მაშინდელ საოლქო პროკურორთან ვალერი იოსავასთან.
ამ შეხვედრიდან დაახლოებით ორ კვირაში გურიკა ქადარია პროკურორმა ირაკლი წულაიამ გამოკითხა. მე ნანა ფაჟავასგან შევიტყვე, გურიკა ქადარიას მიერ პროკურატურაში მონათხრობი საზარელი ისტორიის დეტალები. კერძოდ:
მამაჩემის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის იმჟამინდელმა უფროსის მოადგილემ, მეგის ქარდავამ დაიბარა მასზე სამსახურეობრივად დაქვემდებარებული გურიკა ქადარია. გურამ შარაძის მკვლელობის სისრულეში მოსაყვანად მეგის ქარდავამ გურიკა ქადარიას უბრძანა ზუგდიდიდან თბილისში ორი სპეცრაზმელის ავტომანქანით გადაყვანა.
გია ფაჩულია და თემურ ჯგერენაია არიან ის სპეცრაზმელები, რომლებსაც მეგის ქარდავას გეგმის მიხედვით, მამაჩემი უნდა მოეკლათ.
თბილისში ჩამოსულ ქადარიას, ფაჩულიას და ჯგერენაიას შემდეგი მითითებები გია დგებუაძისგან, იგი „მასტერასგან“ უნდა მიეღოთ.
– რის საფასურად გააკეთა ეს გურიკა ქადარიამ?
– გაწეული „სამსახურისთვის“ მეგის ქარდავამ გურიკა ქადარიას წინასწარ გადაუხადა 5 ათასი დოლარი. ეს თანხა ქადარიას პირადად გადასცა ქარდავას მარჯვენა ხელის კოხტა კოდუას ბიძამ.
რაც შეეხება კიდევ ერთ „საჭირო“ ნივთს, ცეცხლსასროლ იარაღს, ეს უკვე მაშინდელი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსის კახა ლატარიას უშუალო დავალებით, ქადრიას თავად კოხტა კოდუამ გადასცა.
გურიკა ქადარიამ გადაწყვიტა, რომ არავითარი მონაწილეობა არ მიეღო მამაჩემის მკვლელობაში, თუმცა ამის პირდაპირ და ხმამაღლა თქმა ვერ გაბედა. რამდენიმე დღის განმავლობაში ქადარია ზუგდიდის სხვადასხვა კლინიკაში მიმართავდა ექიმებს, თითქოსდა ჯ?ანმრთელობის გაუარესების მიზეზით.
ქადარიას ამგვარმა ქცევამ მეგის ქარდავასა და პოლიციის სხვა მაღალჩინოსნებში ეჭვი და უნდობლობა გამოიწვია, რასაც მოჰყვა ქადარიას და მისი მეგობრების მიმართ სხვადასხვა სახის ზეწოლა.
პირველ ეტაპზე მეგის ქარდავამ გურიკა ქადარია რამდენიმე დღით სამხარეო პოლიციაშიც კი გამოკეტა. ქადარიას ემუქრებოდნენ და მასზე ზეწოლას ახდენდნენ სამხარეო პოლიციის სხვა თანამშრომლებიც – ლაშა ექონია, ზაზა ხასაია და გურიკა ჭითანავა. ეს ის გურიკა ჭითანავაა, რომელიც დააკავეს გასულ წელს, სამეგრელოში, სამალავებში წამებისა და გაუპატიურების ცნობილი კადრების აღმოჩენის შემდეგ.
საბოლოოდ, ქადარიას სანდოობის განსაზღვრა მოხდა ბრძანებით, რომელიც სამხარეო პოლიციის იმჟამინდელი უფროსის თენგიზ გუნავას სამუშაო კაბინეტში გაიცა. ანუ მეგის ქარდავა და თენგიზ გუნავა ქადარიასგან მოითხოვდნენ საკუთარი ბიძის, დედის ძმის დაკავებას. ანუ დისშვილს ბიძა ნარკოტიკული ნივთიერების შენახვის ბრალდებით უნდა დაეპატიმრებინა. ამაზე გურიკა ქადარიამ უკვე ღიად თქვა უარი, რის გამოც თენგიზ გუნავა მას ფიზიკურად იქვე გაუსწორდა.
იმავე დღეს ქადარიამ სამხარეო პოლიციაში მუშაობაზე უარი განცახდა და შესაბამისი ე. წ. პატაკიც დაწერა.
ამ ინციდენტიდან ცოტა ხანში გურიკა ქადარიას საცხოვრებელ სახლში სამხარეო პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა. სახლი გაჩხრიკეს, ქადარია სასტიკად სცემეს. ამ დროს მას მიუახლოვდა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს იმჟამინდელი უფროსი კობა ნარსია და იმ ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ადგილის მითითება მოითხოვა, რომელიც მას გურამ შარაძის მკვლელობის დაგეგმვისას, ქარდავასა და ლატარიას განკარგულებით, კოხტა კოდუამ გადასცა.
დედისთვის მიბარებული იარაღი პოლიციამ „ამოიღო“. გურიკა ქადარია კი იარაღის უკანონოდ შენახვის ფაქტზე დააკავეს.
– დააპატიმრეს ქადარია?
– დიახ. პატიმრობაში ყოფნის პერიოდში იგი მუდმივი ზეწოლის ქვეშ იყო. მკვლელობის შემკვეთები დარწმუნდნენ, რომ გურიკა ქადარია გურამ შარაძის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციას არ გასცემდა, ამიტიომ იგი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ქადარიამ 5 ათასი დოლარი მეგის ქარდავას დაუბრუნა.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ქადარია „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო. ქადარიას სახლში „ოცნებამ“ საარჩევნო შტაბი გახსნა.
– არც 2012 წლის არჩევნების შემდეგ უთქვამს სამართალდამცავებისთვის ეს ამბავი ქადარიას?
– გურიკა ქადარიამ გასულ წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურას ოფიციალურად განუცხადა ყველაფერი, მაგრამ რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, დასახელებული პირებიდან, რომლებსაც პირდაპირი თუ ირიბი კავშირი აქვთ მამაჩემის მკვლელობასთან, პროკურატურას არც ერთი არ დაუკითხავს.
– სად არიან დღეს თქვენს მიერ დასახელებული ადამიანები. იცით ამის შესახებ?
– ამ საქმის მიმართ ინტერესები დღემდე არავის გამოუჩენია, არც ცოტა ხნის წინ დანიშნულ საოლქო პროკურორს გოჩა უბილავას.
ორი სპეცრაზმელიდან, რომელთაც ქარდავას ბრძანების მიხედვით, უნდა მოეკლათ მამაჩემი, ერთ-ერთი – თემურ ჯგერენაია, მეტსახელად „ჯგერე“ ცოტა ხნის წინ უკრაინაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა;
მეორე, გია ფაჩულია დღეს შს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული აფხაზეთის სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელის მოადგილეა. მეტიც, გია ფაჩულია დაკავებულ თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც გურიკა ქადარია საოლქო პროკურატურაში უკვე გამოკითხული იყო პროკურორ ირაკლი წულაიას მიერ;
კახა ლატარიას, კუდ-ის ყოფილ უფროსს, ახლაც დიდი თანამდებობა უკავია, სამხარეო პოლიციაში იგი საგამოძიებო ნაწილის უფროსია.
კობა ნარსია, ზუგდიდის პოლიციის მაშინდელი უფროსი დღეს შსს-ში საპასუხისმგებლო თანამდებობაზეა.
ზემოთ დასახელებულ პირებზე საჯაროდ დღემდე არ მისაუბრია, ამ წუთამდე თავს ვიკავებდი, ვცდილობდი, არ დამერღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია. არ ვამჟღავნებდი მოწმის ვინაობასაც, მიუხედავად იმისა, რომ დარმწუნებული ვარ, გურიკა ქადარიას სამხედრო პროკურატურაში მისვლის წუთიდან სააკაშვილს და მის ბანდას უკვე ექნებოდათ ინფორმაცია, რომ ქადარიამ ყველაფერი თქვა. ვითმენდი იმ იმედით, რომ მთავარი პროკურატურა, კერძოდ, არჩილ კბილაშვილი და მისი მოადგილეები კეთილს ინებებდნენ და შეასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას, მაგრამ ისე წავიდნენ თანამდებობიდან, რომ არათუ გამოძიება დაიწყება, პასუხიც კი არ მაღირსეს.
დღეს მე მოვითხოვ გამოძიების ჩატარებამდე ზემოთ დასახელებულ მაღალჩინოსნებს, როგორც ეჭვმიტანილებს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდეთ!
ასევე შესაბამისი უწყებებისგან საჯაროდ და კატეგორიულად მოვითხოვ დაიცვან მოწმე გურიკა ქადარიას და ჟურნალისტ ნანა ფაჟავას სიცოცხლე და უსაფრთხოება. მათ ერთი თმის ღერიც რომ ჩამოუვარდეთ მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას!
დაიკითხოს ჩემს მიერ დასახელებული ყველა პირი!
აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მივმართავ იმ მოწმეებს, რომლებიც დღემდე დუმილს ინარჩუნებენ – გამოდით და თქვით, რა ნახეთ თქვენი თვალით. სააკაშვილი და მისი ბანდის ხელისუფლება აღარ არსებობს. სამართლიანობას ლანგრით არავინ მოგართმევს, ის ჩვენი მოსაპოვებელია. დროა, ყველამ იგრძნოს პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავალზე და თუნდაც მამაჩემის წინაშე, რომელიც ამ ქვეყანას და ამ ხალხს შეეწირა.
– ამ სკანდალური ინფორმაციის შემდეგ, ალბათ, გაჩნდება საჭიროება, ხელახლა გადაიხედოს გიორგი ბარათელის საქმე.
– გადაიხედოს კი არა, საერთოდ, გიორგი ბარათელის ციხიდან გათავისუფლების საკითხი უნდა დადგეს. ნამდვილი მკვლელები თავისუფლად დადიან და უდანაშაულო ადამიანი დღეს სასჯელს იხდის იმ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია. მე, რა თქმა უნდა, დიდი სურვილი მაქვს, გიორგი ბარათელი სასწრაფოდ გაათავისუფლონ ციხიდან, მაგრამ, ცხადია, ეს ასე უცებ ვერ მოხერხდება. პირველ რიგში, უნდა დაიწყოს გამოძიება ახლადაღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე და აუცილებლად დადგინდება, რომ გიორგი ბარათელი აბსოლუტურად უდანაშაულოა.
– თქვენ რამდენიმე ხნის წინ გიორგი ბარათელის ციხეში ნახვის სურვილი გამოთქვით. საუბარი იყო იმაზეც, რომ გიორგი ბარათელი, შესაძლებელი იყო ციხეში მოეკლათ. რა გაგრძელება მოჰყვა ამ ამბავს?
– დიახ, მე მინდოდა ბარათელის ნახვა. 2012 წლის არჩევნების შ;ემდეგ ის ციხეში მოინახულეს სოსო მანჯავიძემ, დიმიტრი ლორთქიფანიძემ და ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა. ცხადია, მათ არ ჰქონდათ ბარათელის დაკითხვის უფლება, მაგრამ გიორგი დეტალურად მოუყვა მათ, რაც თავს გადახდა. მამაჩემი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როცა გიორგი ბარათელი დაიჭირეს, აიყვანეს თბილისის „ზღვაზე“, აწამეს და ჯერ კიდევ ცოცხალი ადამიანის მკვლელობის თავზე აღებას მოითხოვდნენ მისგან. ხოლო მკვლელობიდან რამდენიმე წუთის შემდეგ გიორგი ბარათელი მიიყვანეს ვერაზე და აიძულეს, გაევლო ის გზა, რაც გაიარა მკვლელმა ცოტა ხნის წინ.
– თქვენი აზრით, რატომ ამოირჩიეს მხოლოდ გიორგი ბარათელი?
– გიორგი ბარათელი ისევე, როგორც ბევრი სხვა, ჩემი ძმის მოწაფე იყო და, რადგან მამაჩემის ცხოვრებაში ვერ იპოვეს ვერავითარი საყოფაცხოვრებო ხასიათის კომპრომატი, ჩემი ძმის წრეს მიადგნენ და ამოირჩიეს გიორგი ბარათელი, როგორც ყველაზე დაუცველი და უპატრონო.
– თქვენ მამის მკვლელობაში ბრალს სდებთ სახელისუფლებო წრეების წარმომადგენლებს და უმაღლესი თანამდებობის პირებს. თქვენი ვარაუდით, ეს ტრაგედია პოლიტიკური მოტივებით იყო განპირობებული? ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო დამკვეთი?
– მამაჩემის მკვლელობა, უდაოდ, პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა. ამას მოწმობს მოწმეთა ჩვენებები, ალდაგის ფირი და თვით გიორგი ბარათელი. ამ ჩვენებებით მტკიცდება, რომ მამაჩემი მოკლა სპეცრაზმის ორმა წევრმა. უამრავი რამ არის, რაც მოწმობს, რომ ბარათელს მამაჩემი არ მოუკლავს და ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პოლიტიკური მკვლელობა, ხოლო ვინ შეიძლება იყოს დამკვეთი, ამაზე საუბარი მხოლოდ ვარაუდების დონეზე არაკორექტულად მიმაჩნია. თუ გამოძიება სწორად და მიუკერძოებლად წარიმართა, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება არა მხოლოდ შემსრულებლები, არამედ გურამ შარაძის მკვლელობის ოფიციალურ დამკვეთთა სახელები და გვარები.
ირანდა კალანდაძე
გაზეთი „საერთო გაზეთი“