წუხელ, კიევში, დროებითი მორატორიუმის შემდეგ, გრუშენსკის ქუჩაზე რადიკალებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები განახლდა.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, ბერკუტმა ცეცხლი რეზინის ტყვიებით გახსნა რა დროსაც აქციის მონაწილე დაშავდა. აქტივისტებმა სპეცრაზმელებს პეტარდები და მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. მოგვიანებით ტერიტორია კვლავ ცეცხლის ალში გაეხვა, დემონსტრანტებმა საბურავებს მოუკიდეს ცეცხლი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, უცნობი პირები სამ მილიციელს დაესხნენ თავს, რა დროსაც ერთ-ერთმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო.
„24 იანვრის საღამოს მაიდანის ტერიტორიაზე უცნობი პირები ე.წ „მაიდანის დამცველები" მილიციის სამ თანამშრომელს თავს დაესხნენ. ერთ-ერთ მათგანს დარტყმა ცივი იარაღით, დანით მიაყენეს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი", - აცხადებენ უკრაინის შს სამინისტროში.