გუდაურში ზამთრის სეზონი ოფიციალურად 25 იანვარს გაიხსნება. როგორც „კომერსანტთან" საუბარში გუდაურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, კურორტზე ტურისტები არიან, თუმცა გასულ წელთან შედარებით, არასაკმარისი თოვლის საფარის გამო ვიზიტორთა ნაკადი მკვეთრად შემცირდა.
სანდრო ონოფრიშვილის თქმით, კურორტი ტურისტების მისაღებად მზადაა და სასტუმროები სეზონს უცვლელი საფასო პოლიტიკით ხვდებიან. საბაგიროს დღიური ულიმიტო მომსახურება კი გასულ წელთან შედარებით, განახევრდა და 30 ლარის ნაცვლად, 15 ლარი ღირს.
გუდაურისგან განსხვავებით, ვიზიტორთა ნაკადით კმაყოფილები არიან ბაკურიანში. როგორც ბაკურიანის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში აცხადებენ, 20 დეკემბრიდან დღემდე კურორტზე 27 ათასი ტურისტი დაფიქსირდა, საიდანაც 40% უცხოელი ვიზიტორები არიან. თუმცა იანვრის ბოლოდან ბაკურიანში უფრო მეტ ტურისტს ელოდებიან, რადგან ამ პერიოდში სასტუმროებში მომსახურეობის ფასები იკლებს. მათი ცნობით, თუ საშუალოდ საოჯახო სასტუმროს ნომერი 3-ჯერადი კვებით 50 დოლარი ღირდა, იანვრის ბოლოდან ის 50 ლარი ეღირება.
(მოამზადა თამარ ბატიაშვილმა)