სირიის ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ჟენევაში ერთ მაგიდასთან დღეს შეხვდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები პირდაპირ მოლაპარაკებებს არ გამართავენ და მათ შორის კომუნიკაცია გაეროსა და არაბთა ლიგის შუამავლის ლახდარ ბრაჰიმის მეშვეობით შედგება. აღნიშნულ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.
სირიის ოპოზიციასა და ხელისუფლებას კონფერენციაზე რადიკალურად განსხვავებული მიზნები აქვთ. სახელისუფლებო დელეგაცია აცხადებს, რომ მოლაპარაკებები უცხოეთის მიერ მხარდაჭერილი "ტერორიზმის" პრობლების გადაჭრას შეეხება, ოპოზიცია მთავარ მოთხოვნად კი ბაშარ ალ-ასადის გადადგომას აყენებს.
"ორივე მხარესთან გამართული დისკუსიები იმედის მომცემი იყო და მოუთმენლად ველით შეხვედრის დაწყებას. ამ პროექტის მიზანი სირიის გადარჩენაა", - განაცხადა ლახდარ ბრაჰიმმა.
შეგახსენებთ, 24 იანვარს სირიის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაგეგმილი პირდაპირი მოლაპარაკებები არ შედგა.
(მოამზადა ანა ნოდიამ)