უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ განაცხადა, რომ ევროკავშირი კვლავინდებურად ჩართულია უკრაინაში კრიზისის მშვიდობიანად, მოლაპარაკებების გზით გადაჭრის ხელშეწყობაში. მან განცხადება საკუთარ ვებგვერდზე გააკეთა და აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლებასა და ოპოზიციის წევრებთან შეხვედრისას, ხაზი გაუსვა, ძალადობის დასრულების აუცილებლობას.
ევროკომისარმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ამ პროცესში მონაწილეობას, რათა უკრაინას სიტუაციის დე-ესკალაციასა და კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიებაში დაეხმაროს. მისივე განცხადებით, ამას მოწმობს უკრაინაში მომავალი კვირისთვის დაგეგმილი კეტრინ ეშტონის ვიზიტი.
როგორც შტეფან ფულემ აღნიშნა, ის მაიდანზეც იმყოფებოდა.
„აუცილებელია, გაგრძელდეს დიალოგი, რათა მოიძებნოს გამოსავალი კრიზისიდან გამოსასვლელად, რომელიც ქვეყნაში მომავალში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის. კიევში ჩემმა მოლაპარაკებებმა აჩვენა კონკრეტული ნაბიჯების აუცილებლობა, რათა ადამიანებს შორის ნდობა აღდგეს, შეჩერდეს ძალადობა და დაშინება, რომლის მეორე ეტაპიც, შექმნილი კრიზისის შეწყვეტისკენ მიმართული პოლიტიკური პროცესი იქნება", - ნათქვამია ფულეს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში კიევში უკრაინის პრეზიდენტს, ასევე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შეხვდა.
(მოამზადა ანა ნოდიამ)