გუშინ, გვიან ღამით, უკრაინის შინაგანი ჯარის კურსანტებმა "უკრაინის სახლი" დაიკავეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ძალოვანებს არ აუხსნიათ, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ამის შემდეგ მომიტინგეებმა შენობის შტურმი დაიწყეს. აქტივისტები შიშობდნენ, რომ ძალოვანები ამ შენობიდან მოახდენდნენ თავდასხმას.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ძალოვანებმა შენობა მინისტრის ბრძანების თანახმად დატოვეს. "უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიტალი ზახარჩენკომ ძალოვანებს მოუწოდა კიევში მდებარე "უკრაინის სახლის" შენობა დაეტოვებინათ, რათა თავიდან აეცილებინათ კონფლიქტი მომიტინგეებთან ",-აცხადებენ უწყებაში.
ამასთან, სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ შენობაში სამართლდამცველები შესვენებისთვის იყვნენ შესულები, ხოლო აქტივისტები მათ თავს დაესხნენ და გეგმავდნენ სამართალდამცველების "ტყვედ აყვანას" და მაიდანზე დაკავებულ აქტივისტებში გაცვლას.
ამ დროისთვის "უკრაინის სახლში" სიმშვიდეა. მომიტინგეები შტურმის შედეგად დაზიანებულ შენობას აწესრიგებენ.