სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას მიწის დამუშავების აუცილებლობაზე ისაუბრა. როგორც ილია მეორემ ბრძანა, წინაპრები მუდამ ფიქრობდნენ იმაზე, რომ მიწა ჰქონოდათ. დღეს კი, მთავრობა ხალხს მიწებს ურიგებს, თუმცა მათი დიდი ნაწილი დაუმუშავებელია.
"მთავრობამ ხალხს მიწა დაურიგა, მაგრამ აცდენენ, არ ამუშავებენ. მაგალითად, ყაზბეგის რაიონში საუკეთესო ნიადაგია კარტოფილისთვის. იქ იმდენი და ისეთი კარგი კარტოფილი მოდის, მთელ საქართველოს ეყოფა, მაგრამ მიწების უდიდესი ნაწილი ცდება, დაუმუშავებელია. ღმერთმა გაგვიხსნას გონება და გული, რათა გავიგოთ, რა არის განწყობის თეორია", - ბრძანა პატრიარქმა.
უწმინდესის თქმით, ქართველ ადამიანს შრომისადმი სიყვარული ყოველთვის გამოარჩევდა, თუმცა ერს დღეს შესაბამისი განწყობა აკლია.