საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში დღეს ცნობილი ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას 81 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.
იუბილესთან დაკავშირებით, დაგეგმილია რეჟისორის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ბიოგრაფიულ-მემუარული წიგნის - „მათქმევინეთ ორიოდ სიტყვა" პრეზენტაცია.
წიგნი ნინო ნატროშვილის ავტორობით და ეროვნული კინოცენტრის დაფინანსებით გამოიცა; მასში შესულია როგორც ელდარ შენგელაიას, ასევე გია ყანჩელის, გია დანელიას, ლომერ ახვლედიანის, რეზო ჭეიშვილის, იმედა კახიანის მოგონებები. შესავალი მერაბ კოკოჩაშვილს ეკუთვნის. წიგნი ქართული კინოს ისტორიის შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს და მასში მოთხრობილია საინტერესო ისტორია შენგელაიების, ასევე ნატა ვაჩნაძის ოჯახების შესახებ.
ელდარ შენგელაიას საიუბილეო საღამოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელი ნანა ჯანელიძე, ელდარ შენგელაია, რეჟისორის მეგობრები, კოლეგები, კინოსა და კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.