საიამ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თბილისის მერიის წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებებით მიმართა. საია ითხოვდა ინფორმაციას, 2011 წლის 1 იანვრიდან შეძენილი და ჩუქების სახით მიღებული ყველა ავტო-სატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალის, შეძენის, ჩუქების თარიღისა და გადახდილი თანხების ოდენობის შესახებ. ასევე, ყველა იმ სამართლებრივი აქტის გაცემას, რომლის მიხედვითაც შესაბამის დაწესებულებაში ავტო-სატრანსპორტო საშუალებების შეძენის წესი განისაზღვრება. მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის შემდეგ, საიამ განმეორებით მიმართა, როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, აღნიშნული უწყებების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა დღემდე არ მომხდარა. განმეორებით განცხადების წარდგენის შემდეგ, თბილისის მერიამ მხოლოდ ნაწილობრივ გასცა მოთხოვნილი ინფორმაცია და არ მიუთითა თითოეულ ავტომობილში გადახდილი თანხის ოდენობა. საია მოუწოდებს ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს საჯარო ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გაცემის ვალდებულებას და მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დაინტერესებული პირების მიერ საჯარო ინფორმაციის მიღების უფლებას.