პარტია „თეთრები" მეანაბრეებთან დაკავშირებით შემუშავებულ კანონპროექტს ეხმიანება. ლიდერი, თემურ შაშიაშვილი, პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს პოპულისტურს და უშედეგოს უწოდებს. „სახელმწიფოებრივად და არა ნაჯახით და პოპულისტურად"- ამ სახელწოდებით განცადებას ავრცელებს. „ეს კანონპროექტი საზიანოა იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს ქადაგებს. დამანგრეველია საბანკო სისტემისათვის - უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენებს ბანკებთან დაკავშირებულ ყველა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს, პრაქტიკულად მოშლის საბანკო სისტემას. თუმცა, კარგიც არის, მაგრამ მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნების ორი კანდიდატისათვის: „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალების" კანდიდატებისათვის - მხოლოდ ეს ორი პარტიაა პარლამენტში წარმოდგენილი და არჩევნების წინ ამ კანონის პოპულისტური გამოყენებით შეეცდებიან წინასაარჩევნოდ ამომრჩევილის გულის მოგებას, რაც პრაქტიკულად მოსყიდვის ტოლფასი იქნება." -აღნიშნულია განცხადებაში. „ჩვენ ვთვლიდით და ვთვლით, რომ უნდა გაანალიზდეს ბანკებსა და მოსახლეობას შორის წარმოქმნილი პრობლემები და მოხდეს მათი დარეგულირება გერმანიის, საფრანგეთის და ევროპის სხვა დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით. სადაც მთავარი პასუხისმგებლობა სახელმწიფომ აიღო და ამით შეინარჩუნა სტაბილობაც, საბანკო სისტემაც და პრაქტიკულად გადაჭრა მეანაბრეთა პრობლემები. „- პარტიის წარმომადგენლები, აღნიშნულთან დაკავშირებით, სრულ პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობასა" და მიხეილ სააკაშვილს აკისრებენ. ხელისუფლებას პრობლემის გადაჭრისკენ მოუწოდებენ. „ჩვენ მოვითხოვთ არა მარტო მეანაბრეების პრობლემის გადაწყვეტას, არამედ, როგორც ეს თავის დროზე მივმართეთ ბატონ სააკაშვილს და დაახლოებით ერთი თვის წინ ახალ მთავრობას, გაანალიზდეს საბანკო სესხების არსებული საკრედიტო განაკვეთები, ზრდის რეალური ფაქტორები და მხოლოდ ასე გადაწყდეს იაფი კრედიტის პრობლემა. მზად ვართ, კონსულტაციებისათვის ყველა დაინტერესებულ სახელისუფლებო რგოლთან პარტიასთან, არასამთავრობო სექტორთან მეანაბრეთა კომიტეტებთან, თუ უშუალოდ მეანაბრეებთან. დაზარალებულებმა, გვინდა იცოდნენ, რომ ჩვენს პარტიაში, პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში, მრავლად არიან მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანები, სისხლხორცეულად მნიშვნელოვანია, რომ ეს პრობლემა გადაწყდეს სახელმწიფოებრივად და არა პოპულისტურად და ნაჯახის პოლიტიკით."- ნათქვამია განცხადებაში.