ცნობილი უკრაინელი მომღერლის რუსლანა ლიჟიჩკოს განცხადებით, მის სისცოცხლეს საფრთხე ემუქრება. როგორც რუსლანა აცხადებს, მოსალოდენლი თავდასხმის შესახებ 2 დღეა აფრთხილებენ. მისი ინფორმაციით, მოსალოდელია პროვოკაცია, რომელიც შესაძლოა ევრომაიდანზე განხორციელდეს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილმა უკრაინელმა მომღერალმა, რომელიც „ევრომაიდანის" ერთ-ერთი მონაწილეა, განაცხადა, რომ მზად არის თავი დაიწვას.
„გულახდილად ვიტყვი, მე თავს დავიწვავ აქ ამ მაიდანზე, თუ კი არ განხორციელდება ცვლილებები",- განაცხადა მომღერალმა მომიტინგეების წინაშე გამოსვლისას და ამის შემდეგ მოითხოვა დღევანდელი ხელისუფლების გადადგომა. მომიტინგეებმა მას მხარი დაუჭირეს შემდეგი შეძახილებით: „მთავრობა - გადადექი!"
რუსლანა „ევრომაიდანს" მხარს უჭერს აქციების დაწყების დღიდან. (ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქციები, კიევში 21 ნოემბერს დაიწყო, მას შემდეგ რაც მთავრობამ შეაჩერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისთვის ხელმოწერის მზადების პროცესი). გასულ კვირას, პროტესტის გამოხატვის მიზნით, მომღერალმა შიმშილობა გამოაცხადა.
მას შემდეგ, რაც მთავრობამ მომიტინგეების დარბევის გადაწყვეტილება მიიღო (30 ნოემბრის ღამეს, სპეცდანიშნულების რაზმებმა დაარბიეს მაიდანზე შეკრებილი აქციონერები, რის შედეგადაც ათეულობით ადამიანი იქნა ნაცემი), რუსლანამ მეუღლესთან ერთად, დაშავებული ადამიანები საავადმყოფოებში გადაიყვანა.
მომღერალი, თხოვნით მიმართავდა თანამემამულეებს, მხარი დაეჭირათ „ევრომაიდნისთვის", რათა ხელი შეუწყონ ქვეყნის ევროინტეგრაციას. როგორც საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რუსლანა მაიდანზე ყოველდღე მიდიოდა და ამხნევებდა აქციონერებს.
„მე ამ სცენაზე გამოვალ საცურაო კოსტიუმით და ყინულით დავიზელ სხეულს, რომ თქვენ გაგათბოთ", - განაცხადა მან სცენაზე გამოსვლისას.
მომღერალი რუსლანა (რუსლანა ლიჟიჩკო) „ევროვიზია 2004 წლის" გამარჯვებულია. იმავე წელს ის უკრაინაში მხარს უჭერდა „ნარინჯისფერ რევოლუციას", მოგვიანებით კი უკრაინის პარლამენტის დეპუტატად აირჩიეს.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)