გაზეთ „ფაინენშელის“ მიერ გამოკითხული სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები მიმდინარე წელს 2008 წელს არსებული ბუმის დაბრუნებას ელოდებიან.
„პარაგონის“ ხელმძღვანელი, რომელიც მსოფლიოში ცნობილი უძრავი ქონების კომპანია „როიალ ინსთითუთ ოფ ჩართერდ სერვაივერის“ წევრია, აცხადებს, რომ ბაზარზე გამოცოცხლების ნიშნებია.
Commersant.ge-ს ინფორმაციით, ნიკოლოზ ურუშაძის თქმით, 2013 წელს სამშენებლო ბიზნესის მთლიანი ბრუნვა გაზრდილია, რაც 2014 წლისთვის ოპტიმისტურ მაჩვენებელზე მიუთითებს. მისივე თქმით, მიმდინარე წელს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების საკითხის გამო ბიზნესში იმ ბუმის დაბრუნებაა მოსალოდნელი, რაც 2008 წლის კრიზისამდე იყო. თუმცა, ურუშაძის შეფასებით, მთლიანობაში უძრავი ქონების ბაზარი დადებით ცვლილებებზე ნელა რეაგირებს. მისი თქმით, უძრავი ქონების მსხვილ პროექტებს საფუძველი ძირითადად 2013 წელს ჩაეყარა, თუმცა ძირითადი ინვესტიციები 2014 წელს განხორციელდება. ბიზნესმენის განმარტებით, ინვესტორები ისეთ განვითარებად ქვეყნებს აკვირდებიან, რომლებიც ევროკავშირის გზაზე დგანან.
„არქი ჯგუფში“ აცხადებენ, რომ კომპანიამ 2013 წელს 5 ახალი პროექტი დაიწყო. კომპანიის დირექტორის ილია წულაიას თქმით, ბაზარზე გამოცოცხლება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეინიშნება და „არქი ჯგუფი“ დამატებით რამდენიმე ახალი პროექტის დაწყებას მიმდინარე წელსაც გეგმავს, რადგან სტაბილურობა მეტად შესამჩნევია. დეველოპერულ კომპანია „აქსისში“ აცხადებენ, რომ მშენებლობის მოცულობები 2013 წელს 250%-ით გაზარდეს, რაც სტაბილურობას და კომერციული ბანკების მხრიდან განაკვეთების შემცირებას უკავშირდება. „აქსისი“ 2014 წელს ახალი პროექტების დაწყებას გეგმავს.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)