ხაიშის მცხოვრებლებმა, დაახლოებით 50-მდე ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა სოფლის რწმუნებულის ადმინისტრაციის წინ. ისინი მიწების აზომვის პროცესის დაწყებას არ ეთანხმებიან. ადგილობრივების თქმით, გუშინ სოფელში იმყოფებოდა სამხარეო პოლიციის უფროსი გრიგოლ ბესელია, რომელმაც გააფრთხილა ისინი, არ შეეშალათ ხელი მიწის ამზომველთა ჯგუფის მუშაობისთვის.
აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი ხუდონჰესის მშენებლობაზე უარს აცხადებენ.
„არცერთ ოჯახში არ შევუშვებთ აღწერისთვის მოსულ ხალხს. არც ხაიშში დაბინავების უფლებას მივცემთ. უარი ვთქვით თავის დროზე ჰესის აშენებაზე. ჩვენს გვამებზე თუ ააშენებენ ჰესს, მაშინ ხაიშის ჩვენს გვამებზე აშენება მოუწევთ“, - განაცხადა ადგილობრივმა ზურაბ ჭკადუამ.
Livepress.ge-ს ინფორმაციით, სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ პერიოდულად შეკრებას და ამ საკითხზე მსჯელობას გეგმავენ, მიწის ამზომველთა ჯგუფს კი ერთად დახვდებიან და არ მისცემენ სამუშაოების განხორციელების საშუალებას.
გარემოსდამცველი ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, ხუდონჰესის მშენებლობის შედეგად სოფელში შემავალი თორმეტამდე თემი და სამასამდე ოჯახი დაიტბორება.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)