ხვალ, შიდა ქართლის სამხარეო ადმინიატრაციაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია შიდა ქართლის გუბერნატორ ზურაბ რუსიშვილთან და მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებთან შეხვედრას გამართავს.
სამუშაო შეხვედრაზე მინისტრი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ინფორმაციას მიაწვდის იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომლის განხორციელებასაც სამინისტრო 2014 წელს რეგიონში გეგმავს. საუბარი შეეხება საავტომობილო გზების მშენებლობასა და რეაბილიტაციას, წყალმომარაგების სისტემების გამართვას, მყარი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებსა და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
შეხვედრაზე განხილული იქნება ასევე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებისთვის დამტკიცებული პროექტები, მათი დაწყებისა და განხორციელების ვადები.
ჯამში, შიდა ქართლში 2014 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 109 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს, ხოლო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შიდა ქართლის მუნიციპალიტეტები ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად დამატებით 12 მილიონ ლარზე მეტს მიიღებენ, რომლითაც 19 პროექტს განახორციელებენ.