რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან შეთანხმების გადახედვის შესაძლებლობა უარყო. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. ვლადიმერ პუტინმა ბრიუსელში გამართულ რუსეთ-ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინასთან დადებული ეკონომიკური და ფინანსური შეთანხმების გადახედვას არ აპირებს, იმ შემთხვევაშიც თუ უკრაინის ხელისუფლებაში ოპოზიცია მოვა. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა გააგრძელოს მუშაობა უკრაინის ახალ მთავრობასთან, ვინც არ უნდა ხელმძღვანელობდეს მას.
პუტინმა აღნიშნა, რომ გადამდგარი პრემიერის ნიკოლაი აზაროვის კაბინეტს მოსკოვთან სიტყვიერი შეთანხმება ჰქონდა მრავალმილიარდიანი კრედიტის გამოყოფის შესახებ.
შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინას 15 მილიარდი დოლარის კრედიტი გასული წლის დეკემბერში გამოუყო. ამასთან, ითქვა, რომ უკრაინა ათას კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს 400 დოლარის ნაცვლად, 268,5 დოლარად მიიღებს. კრედიტის გამოყოფამდე უკრაინამ ევროინტეგრაციის კურსზე და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)