პირველი თებერვლიდან თურქეთში ტრანზიტული გადაადგილება ქართველი გადამზიდავებისთვის ფასიანი ხდება. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო სატრანსპორტო სააგენტომ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
„თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს 2014/89769977-tiflis BE/4211730 ნოტის საფუძველზე გაცნობებთ, რომ 2014 წლის 1-ელი თებერვლიდან თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, საზღვაო და კავშირგაბმულობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დაწესდა გადასახადი 113 აშშ დოლარის ან მისი ექვივალენტი თურქული ლირის ოდენობით, როგორც საპასუხო ზომა, მესამე ქვეყანაში სატრანზიტო გადაზიდვების განმახორციელებელი (ცარიელი-დატვირთული) ქართული სანომრე ნიშნიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის "ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის" (ECMT) ნებართვით ქვეყანაში შესვლისა და გამოსვლის დროს ცალ-ცალკე“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.