ტელეკომპანია „მაესტროს" დამფუძნებელი მამუკა ღლონტი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება. პასუხის პასუხი მამუკა ღლონტმა პრემიერ-მინისტრს გადაცემა ტელეკომპანია „მაესტროს" გადაცემა „სუბიექტურ აზრში" გასცა.
„ხშირად მესმის ჩვენი პროდიუსერებს წუხილი, რომ პრემიერი ვერ მოიყვანეს თოქ-შოუებში. ობიექტურობისთვის მინდა აღვნიშნო, რომ ეს ხელისუფლება წინა ხელისუფლებისგან ცა და დედამიწასავით განსხვავდება. უფრო გახსნილები არიან და ამის არაღნიშვნა არ შეიძლება, საგაზეთო ინტერვიუში გამოვთქვი წუხილი და ისიც, რაზეც საუბარი იყო პრესცენტრიდან რეიტინგთან დაკავშირებით. არ მინდა, რომ ამის გამო ვინმე დაისაჯოს, იმიტომ რომ ვიცი იქ ვინც მუშაობს, წარსულში კარგი ჟურნალისტები იყვნენ, ძალიან კარგი ადამიანები არიან და მინდა რომ ეს გარკვეულწილად გაუგებრობად ჩაითვალოს და ვინმე არ დაისაჯოს.
გააჩნია რეიტინგში რას გულისხმობენ, თუ ნდობის რეიტინგს ვიგულისხმებთ, ვფიქრობ „მაესტროს" ყველაზე დიდი ნდობის რეიტინგი აქვს, ყურებადობის რეიტინგით ერთადერთი ტელევიზიაა ამ ეტაპზე „რუსთავი 2", რომელსაც ჩვენზე დიდი რეიტინგი აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დაჩაგრო სხვა ტელევიზია. როდესაც ასეთი რანგის პოლიტიკოსი მიდის რომელიმე სატელევიზო ეთერში, ბუნებრივია, ამ ტელევიზიის რეიტინგი საგრძნობლად იწევს. ერთთან თუ მიდიხარ, რამდენიმე ტელევიზიასაც უნდა დასდო ეს პატივი. როგორც „კოკა-კოლას" ყველგან ერთი გემო აქვს ბრაზილიაშიც და ჩოხატაურშიც, ასევე არ უნდა იყოს ცვლილება იმის და მიხედვით, ვინ არის პრეზიდენტი, ვინ არის პრემიერი და მისი პრესსამსახურის ხელმძღვანელი. სტანდარტი ხელისუფლების და მედიის ურთიერთობის უნდა იყოს ერთი, უამისოდ ვერ ავაშენებთ ნორმალურ, ცივილურ ურთიერთობებს. არ შეიძლება უთხრა პროდიუსერს, რომ მე იქ იმიტომ მივდივარ, რომ იმას შენზე მეტი რეიტინგი აქვს, თუმცა გუშინ და გუშინწინ შენს ტელევიზიაში ვიყავი დღე და ღამე და შენი ტელევიზიიდან ვამბობდი სიმართლეს", - განაცხადა მამუკა ღლონტმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მამუკა ღლონტის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მამუკა ღლონტს კანცელარიის თანამშრომელმა უთხრა, თითქოს ის „მაესტროში" მხოლოდ იმიტომ არ მიდის, რომ უფრო რეიტინგულ არხებზე აკეთებს აქცენტს. ღარიბაშვილის განცხადებით, ეს არის აბსურდი და მგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, პრემიერმა ჟურნალისტებს სთხოვა ამის შესახებ პირადად აცნობონ. მან ასევე კანცელარიის უფროსს იმ თანამშრომლის ვინაობის დადგენა მოსთხოვა, ვინც „მაესტროსთან" აღნიშნული განცხადება გააკეთა.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)