ჟურნალ „რეტინგთან" ინტერვიუში მსახიობი და ტელეწამყვანი ნანკა კალატოზიშვილი მასა და კალათბურთელ ირაკლი კეიდიაზე გავრცელებულ ჭორებზე საუბრობს. შეგახსენებთ, წყვილს გასულ წელს ვაჟი შეეძინა - დანიელი, რომელიც უკვე 7 თვისაა.
„რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტმა დაგვირეკა, გავიგეთ, რომ დაქორწინდითო. ვერ გავიგე, დავშორდით თუ დავქორწინდით. აზრადაც არ მომდის, რომ კედოს დავშორდე და ღმერთმა დამიფაროს. კედო უკეთილშობილესი ადამიანია. მე ვარ უფრო ბუზღუნა და ზოგადად, ლაპარაკის მანერაც ასეთი მაქვს. ერთხელ რეჟისორს რაღაცას აქტიურად ვუხსნიდი და მკითხა, რატომ მეჩხუბებიო. კედოსთან რაიმე ფილმზე თუ ვიკამათებ, მაგრამ პრობლემური საუბარი არასდროს გვქონია.
ისევ იმ ჭორს რომ დავუბრუნდეთ, ჩვენს დაშორებაზე, კედოს არ აცლიან გართობას. მას ძალიან ბევრი მეგობარი გოგონა ჰყავს და ძალიან კარგები. რა ქნან, აკონტროლონ საკუთარი თავები კლუბებში გართობისას, რომ ვინმემ რაღაც არ დაუწეროს? მეც კედოსთან ერთად ვიყავი, მაგრამ ეტყობა, ვეღარ მცნობენ ან აღარ მაღიარებენ. დაწერეს, კედო უცნობ გოგონასთან ერთად იყოო. მე ისე აქტიურად ვეღარ დავდივარ კლუბებში, კედო კი დადის. ყველა მის მეგობარ გოგონას ვიცნობ. ჟურნალისტი რომ ვერ ცნობს და არ იცის, ვინ არის კედოს გვერდით, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მეც არ ვიცნობ (იცინის)?!. აცალონ ჩემს ბიჭს გართობა წესიერად და ნორმალურად. მე თუ არ მცალია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კედო სახლში უნდა იჯდეს.
იმდენი რამ მსმენია ჩემ შესახებ, ამ ყველაფერზე რომ ვინერვიულო, იმას ნიშნავს, რომ ვიღაცის ცხოვრებით უნდა ვიცხოვრო. ადამიანს ძალიან უშლის ხელს შიშის ფაქტორი, ის, რომ ვინმემ რაიმე არ თქვას. რატომ უნდა ვიცხოვრო ამის შიშით?!. ვცხოვრობ ჩემს გემოზე და ასე გავაგრძელებ", - აცხადებს მსახიობი.
(მოამზადა ლილუ მიოტაძემ)