გიჭირთ დილის ძილის მიტოვება და გამოფხიზლება, მაღვიძარას ბევრჯერ უცვლით წინა დღეს მითითებულ დროს? თუკი ამ კითხვაზე პასუხი დადებითია, სწორედ თქვენთვისაა ზედგამოჭილი მოწყობილობა, სახელწოდებით „რამოსი", რომელმაც „მსოფლიოში ყველაზე უმოწყალო მაღვიძარას" სტატუსიც მიიღო.
საუბარია მართლაც ყველაზე უმოწყალო და მომაბეზრებელ მაღვიძარასთან, რომელიც ადამიანს საწოლიდან ყოველ დილით საჭირო დროს წამოაგდებს. მიზეზი ის გახლავთ, რომ აუტანელი ხმა, რომელსაც მაღვიძარა გამოსცემს, შეუძლებელია უყურადღებოდ დატოვოთ, მისი გათიშვა კი არც ისე ადვილია.
პირველ რიგში, მას არ გააჩნია განმეორებითი სიგნალის ჩართვის ღილაკი, რომელსაც ადამიანები ხშირად ბოროტად იყენებენ ხოლმე. ერთადერთი ხერხი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე აუტანელ მაღვიძარას გათიშავს, კლავიატურიან პანელზე კოდის შეყვანაა, რომელიც სხვა ოთახში მონტაჟდება.
არ იფიქროთ, რომ მაღვიძარას გათიშვის საუკეთესო ხერხი მისი დამტვრევაა, რადგან მოწყობილობა საკმაოდ ძვირფასია და 200-დან 800 აშშ დოლარამდე ღირს.
მოკლედ, „რამოსი" მართლაც ეფექტური მაღვიძარაა და თუკი სამსახურში უჟმური უფროსი გყავთ, რომელიც დაგვიანების გამო გემოზე მიგლანძღავთ, სჯობს ჯიბე ცოტა შეითხელოთ და დილაობით თავის დროზე დაუძვრეთ საწოლს.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)