ბათუმში, ჭავჭავაძის N7-ში მდებარე საშაურმე 1000 ლარით დაჯარიმდა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კვების ობიექტში შემოწმება მას შემდეგ ჩაატარა, რაც საშაურმეში დამზადებული შაურმით 20 ადამიანი მოიწამლა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა ბათუმში, ჭავჭავაძის N7-ში მდებარე საშაურმედან ნიმუშები ინფორმაციის მიღებისთანავე აიღეს და შესამოწმებლად აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ "ლაბორატორიულ კვლევით ცენტრს" გადაუგზავნეს, ბიზნესოპერატორს კი საწარმოო პროცესი შეუჩერეს.
კვლევით დადგინდა, რომ შაურმაში მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები, კერძოდ, მეზოფილურ-აერობული და ფაკულტატურ ანაერობული მიკროორგანიზმები აღემატებოდა დასაშვებ ნორმას. ნიმუშში აღმოჩნდა ასევე ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები (კოლიფორმები).